Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება - ქართული სტანდარტი


მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება - ქართული სტანდარტი
please wait

No media source currently available

0:00 0:36:23 0:00

სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას. თამარ გვარამაძის განცხადებით, საქმე ანგარიშის გამოქვეყნებით არ სრულდება და სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ითანამშრომლოს პარლამენტთან იმისათვის, რომ „რაც მოსაწესრიგებელია, მოწესრიგდეს“.

სახალხო დამცველი აწარმოებს მონიტორინგს იმ საქმეების მიმდინარეობაზეც, რომლებიც შეეხება შეკრებების დროს ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. შუალედური შეფასებები 2019 წლის 20-21 ივნისის ამბებზე სახალხო დამცველმა მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა:

„ერთ-ერთი მიგნება, რაც ჩვენ გვქონდა და ის ეფუძნებოდა საკმაოდ დიდი მოცულობის საგამოძიებო მასალას,იყო, რომ თითქმის ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში დაშლის დროს, აცხადებს ჩვენებებში, რომ მათ არ მიუღიათ მითითება მინისტრის ან მინისტრის მოადგილეებისგან, შეკრების მონაწილეების მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და ეს იყო მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს თავის დაცვის მიზნით.

იმ ჩანაწერებით, რაზეც ჩვენ გვქონდა წვდომა და სრული წვდომა მოგვცა პროკურატურამ, არ ჩანს, რომ მინისტრი ან მისი რომელიმე მოადგილე აძლევს მითითებას ტყვიების გამოყენებაზე. არაერთი წინადადებით მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და დღესაც მიგვაჩნია, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებების კვლავ უნდა ჩატარდეს, რათა ერთიანი სურათი დავინახოთ. ეს გამოძიება არ დასრულებულა, ვაგრძელებთ მონიტორინგს. უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას შედეგებს“.

რაც შეეხება ახალ სპეციალურ ანგარიშს, ის ეფუძნება არა მხოლოდ გასული წლის 20-21 ივნისის ამბებს, არამედ ბოლო წლების გამოცდილებას. თამარ გვარამაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ამ ანგარიშში შევეცადეთ არა მხოლოდ 20 ივნისს დაფიქსირებული პრობლემების შეფასებას, არამედ უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფის მიერ და სხვადასხვა ინტერესის გამოხატვის მიზნით ჩატარებული შეკრებების დროს რა სირთულეებს აწყდებოდნენ თავად ორგანიზატორები, შეკრების მონაწილეები და ასევე მეორე მხარე - სახელმწიფო, რა გამოწვევების წინაშეა სახელმწიფო და კონკრეტულად პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები შეკრებების მართვის კუთხით.

შეკრების უფლების რეალიზაცია არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ აქტუალურია ბოლო წლების განმავლობაში.

როცა ამ ანგარიშზე მუშაობა გადავწყვიტეთ, დავინახეთ, რომ არაერთი პრობლემა შეიძლება არსებობდეს როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში, ვინაიდან სრულიად შეცვლილია მეთოდები, ფორმები, გზები, როგორც გამოხატავენ ადამიანები პროტესტს. 1997 წლის კანონმდებლობა შეიძლება ვერ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც, მაგალითად, დაკავშირებულია შეკრებების დრონებით მართვასთან ან შეკრებების სპონტანურად, სოცმედიის საშუალებით დაგეგმვასთან.

მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ რა სირთულეები აქვს პოლიციას, რადგან ეფექტიანი საპოლიციო მართვა არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. ამიტომ შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მეორე მხრიდან არსებული გამოწვევებიც შეგვეფასებინა“.

სპეციალური ანგარიშიდან თამარ გვარამაძემ რამდენიმე საკითხი გამოყო:

„ძალიან მნიშვნელოვანია სპონტანური აქციების პრობლემა. სპონტანური აქციების რეგულირებას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ჩვენც, მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ პროტესტის გამოხატვა მყისიერად და დაყოვნებამ შეიძლება სრულიად დაუკარგოს აზრი რეაქციას და სიმწვავე საკითხს. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპონტანური შეკრებების შესაძლებლობას და ნებისმიერი ასეთი შეკრება, თუკი თან გზაც გადაიკეტება, ითვლება, რომ არის უკანონო. ეს არის საკნონმდებლო პრობლემა და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად საჭიროა ამ პრობლემის მოწესრიგება.

პრობლემურია, მაგალითად, ერთდროული კონტრაქციების ეფექტიანი მართვის საკითხი. აქ არის არაერთი, როგორც საკანონმდებლო რეგულირების, ასევე პრაქტიკული პრობლემაც: როგორ უნდა მართოს პოლიციამ ორი, ურთიერთდაპირისპირებული მონაწილე ჯგუფი, რომლებიც შესაძლოა სრულიად მშვიდობიანად, მაგრამ აქტიურად გამოხატავენ ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს? რა უნდა გააკეთოს პოლიციამ, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის ესკალაცია? მეორე მხრივ, არის შემთხვევები და ამაზე სახალხო დამცველმა გასული წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გაამახვილა ყურადღება - როცა არათუ შემდგომ იზრდება რომელიმე ჯგუფის მოქმედებები და აგრესიაში გადადის, არამედ თავიდანვე აგრესიულად არიან განწყობილები, გამოხატავენ ძალადობისკენ მოწოდებებს და რეალურად საფრთხეს უქმნიან მეორე, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ გვაქვს პრაქტიკული პრობლემა, ვინაიდან ამ ადამიანებს სახელმწიფო მიიჩნევს შეკრების უფლებით მოსარგებლეებად, თუმცა ჩვენი შეფასებით, ისინი არ არიან დაცულები შეკრების თავისუფლების უფლებით, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტები და ჩვენი შიდა რეგულირებაც ხაზგასმით მიუთითებს, რომ შეკრების უფლება არის ყოველთვის მშვიდობიანი. მშვიდობიანად უნდა გამოხატონ ადამიანებმა მათი განსხვავებული, ძალიან რადიკალური მოსაზრებები. ეს დაცულია კანონმდებლობით, თუმცა, როგორც კი ეს საკითხი გასცდება მშვიდობიანობის ფარგლებს, ხდება ძალადობისკენ მოწოდება, ესკალაცია, მუქარა, რომ ვიღაცას გაუსწორდებიან, ეს არ შეიძლება იქნას მიჩნეული შეკრებად.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საპოლიციო რიგებში, მენეჯერების დონეზე ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებები, შეკრების შინაარსი რეალურად, თავიდანვე სწორად შეაფასონ და შემდეგ უკვე მოახიდნონ ეფექტიანი რეაგირება, იქნება ეს პრევენციული მოლაპარაკებების გზით თუ ფიზიკური ძალის გამოყენებით.

ასევე ძალიან მოძველებულია და რეალობასთან შეუსაბამო ის, თუ როგორ არიან დაცული ჟურნალისტები შეკრება-მანიფესტაციების გაშუქების პროცესში. რა იცავს მათ, თუკი სახელმწიფო იწყებს ძალის გამოყენებას? ეს პრობლემა 20 ივნისსაც გამოჩნდა და მრავალი დაზარალებული ჟურნალისტის ყოლაც ამაზე მიუთითებს. თუმცა, 20 ივნისის მოვლენების მიღმაც პრობლემურია ეს საკითხი, ვინაიდან საკანონმდებლო ჩანაწერი არსებობს, მოძველებული, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც სახელმწიფომ არ უნდა შეუშალოს ხელი საქმიანობის განხორციელებაში, ამოიცნობიან სპეციალური ნიშნით. თითქოსდა, ჟურნალისტები უნდა ატარებდნენ აუცილებლად სპეციალურ აკრედიტაციას ან სამკლაურებს და ამის გარეშე ადამიანი არ მიიჩნევა ჟურნალისტად. დღევანდელი რეალობა მოითხოვს, რომ ჟურნალისტების მონაწილეობით შემუშავდეს რეგულაციები და პროცედურები და აისახოს ეს საკანონმდებლო დონეზე, რაც ნათელ წარმოდგენას შექმნის, თუ როგორ უნდა საქმიანობდნენ და აშუქებდნენ ჟურნალისტები აქციებს და როგორ უნდა ხდებოდეს მათ საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა.

ასევე ხშირად იწვევს პრობლემებს სახელმწიფოს მხრიდან იმ უწყებების უფლებამოსილებების ზუსტად განუსაზღვრელობა, ვინც მართავს შეკრება-მანიფესტაციებს. დღევანდელი კანონმდებლობა იცნობს სამ ასეთ სუბიექტს: საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და პოლიციას. ბოლო წლებში, როცა კი დამდგარა შეკრებებთან დაკავშირებული მართვის საკითხი, ყველგან ვხედავთ უმეტესწილად პოლიციას და მასთან აქვს კომუნიკაცია ყველა მონაწილეს. მერიის ჩართულობა არის ხოლმე ძალიან მინიმალური. რა უფლებამოსილებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ პირობებში, როცა რეალური ტვირთი მთლიანად პოლიციას აქვს აღებული, საჭიროებს დეტალურად გაწერას.

ასევე ძალიან საინტერესო საკითხია, რომელიც ეხება მთლიანად საპოლიციო მოწყობას, ის თუ ვინ მონაწილეობს პოლიციის მხრიდან შეკრებების მართვაში. 20 ივნისს განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს საკითხი: სპეციალური დეპარტამენტი მონაწილეობს, თუ სხვა სტრუქტურული ერთეულებიც. ჩვენ 2019 წელს ვნახეთ, რომ დაშლაში მონაწილეობდნენ საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, დაცვის პოლიცია. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა, ვინ მართავს შეკრებებს, ვინაიდან მათ სჭირდებათ ძალიან სპეციფიკური ცოდნა. აქ არ არის ლაპარაკი შეკრების უფლების შესახებ საბაზისო ცოდნაზე, რომელსაც ყველას ასწავლიან, არამედ ლაპარაკია სპეციფიკურ ცოდნაზე, რომელიც გულისხმობს კონტექსტის შეფასებას, შეკრების ფსიქოლოგიას“.

XS
SM
MD
LG