ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, განაჩენი ავსტრალიის მოქალაქის პ.ლ.-ს მიმართ ითვალისწინებს პატიმრობას 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეების მ.პ.-სა და ც.მ.-ის მიმართ - 19-19 წლით.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს პირები საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლო განხილვა კიდევ 11 პირის მიმართ გრძელდება:
„კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება“, - განმარტავს პროკურატურა.
არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოებების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით 11 პირი გამოძიებამ აგვისტო-სექტემბერში დააკავა. მომდევნო 11 კი - დეკემბრის დასაწყისში. მათ შორის უმრავლესობა მოზარდების მშობლები არიან. 9 პირთან გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება.