Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ორი ჩეხი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად ჩეხეთის ანალოგიური ნაბიჯის პასუხად


ვიტესლავ პივონკა
ვიტესლავ პივონკა

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს ორი თანამშრომელი და მოუწოდა მათ, რომ 17 ივნისამდე სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ორშაბათს რუსეთში ჩეხეთის ელჩი, ვიტესლავ პივონკა დაიბარეს.

სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ელჩმა პივონკამ დაადასტურა, რომ მიიღო შეტყობინება დიპლომატების გაძევების შესახებ, რომელთა სახელები და თანამდებობა ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთ-ჩეხეთს შორის მორიგი დაპირისპირების ფონია ჩეხეთის მთავრობის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ბაბიშმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ პრაღაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩეხეთის შესაბამისმა სამსახურებამ დაადგინეს, რომ ე.წ. რიცინის საქმის გამო ინციდენტის საფუძვლად იქცა რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება და ერთ-ერთი რუსი დიპლომატის მიერ მომწამვლელი ნივითიერების ჩეხეთში შემოტანის შესახებ ყალბი ინფორმაციის გაჟონვა.

ჩეხეთის გადაწყვეტილებით ქვეყანა უკვე დაატოვებინეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსსატრუდნიჩესტვოს“ პრაღის განყოფილების ხელმძღვანელ ანდრეი კონჩაკოვს და მის ხელქვეითს, პრაღაში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დროებით ხელმძღვანელს, იგორ რიბაკოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი რუსი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას უწოდებს „აბსურდული“ და „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ „მოვლენათა ასეთი განვითარება გათვალისწინებული იქნება რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობათა საერთო კონტექსტში“.

XS
SM
MD
LG