თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეიძენს.
დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გამო გაჩერებული ტენდერებიდან, ერთ-ერთი სწორედ მიკროავტობუსების შეძენის ტენდერი იყო, თუმცა იმ ტრანსფერის საშუალებით, რომელსაც მერია მიიღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან, 300 მიკროავტობუსის შეძენა შესაძლებელი იქნება.
„ტრანსფერის სახით დამატებითი თანხების წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან. და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 150 მილიონი ლარის შემოსავლები დააკლდა, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელება მოგვიანებით დაიწყოს. მისივე განმარტებით, თბილისის მერია მათ შორის აპირებს მთლიანად განაახლოს მიკროავტობუსების პარკი.
თბილისის მერიამ 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი აპრილში შეაჩერა.
მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო საშუალებები "თბილისის მიკროავტობუსისთვის" უნდა გადაეცა, რომელსაც ქალაქში მგზავრები გადაჰყავს. ერთი მიკროავტობუსი დაახლოებით 97 ათასი ლარი ჯდებოდა, ჯამში კი 29 მლნ ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.