Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეგვიძლია შევთავაზოთ ალიანსს ლოგისტიკური და საწვრთნელი ცენტრების გახსნა"


დასამალი არ არის, რომ ბოლო ხანს საჯარო სივრცე პრაქტიკულად დაცლილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე დისკუსიისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების უმთავრესი გამაპირობებელი, გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ლაშა ძებისაშვილი ნატოში ინტეგრაციის შესაძლო გზებზე:

დასამალი არ არის, რომ ბოლო ხანს საჯარო სივრცე პრაქტიკულად დაცლილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე დისკუსიისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების უმთავრესი გამაპირობებელი, გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. არადა, არის არაერთი სერიოზული საკითხი, შესაძლებლობა ნატოსთან ქვეყნის მეტად დაახლოებისთვის ახლაც, ამ გლობალურად რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში. ამ ფონზე ლაშა ძებისაშვილის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატია - „როგორ დაამტკიცოს ნატომ საკუთარი სანდოობა და მოაგვაროს “ქართული გამოწვევა”“ დროულზე უფრო დროულიც კი იყო. ლაშა ძებისაშვილი არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი, „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი და აგრეთვე ყოფილი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს პრაქტიკული ცოდნაც როგორც მიღწევების, აგრეთვე საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომების და არსებული გამოწვევების შესახებ.

„დილის საუბრების“ სტუმარი ასე აღწერს შექმნილ ვითარებას:

„ისეთი პატარა და დაუცველი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და ნატო, როგორც ჩვენი მთავარი მიზანი, გარანტია ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც აქტიური არ არის ჩვენი გაწევრიანების საკითხთან მიმართებით და ეს არის ჩვენთვის სერიოზული პრობლემა.

რატომ არის ეს მოცემულობა დღეს და რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს ამას:

პრობლემას აქვს ბევრი შრე, განზომილება. აღარ შევეხები ზოგადად სტრატეგიულ გარემოს. უამრავი გლობალური საკითხია წამოტივტივებული. ვირუსის თემასაც ცალკე გადავდებ. გასაგებია, რომ ამანაც გადაფარა ჩვენი საკითხი, მაგრამ, იმ დიდი სახელმწიფოების დღის წესრიგში, რომლებიც განაპირობებენ ნატოში გადაწყვეტილების მიღებას (იქნება ეს გაწევრიანების საკითხი, წვრთნა, ძალების შეყვანა სხვადასხვა რეგიონში და ა.შ.), მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო პირველ-მეორე-მესამე საკითხად, სამწუხაროდ, არ დგას, უამრავი სხვა ფაქტორის და მათთვის უფრო მნიშვნელოვანი უამრავი სხვა პრობლემის გამო.

როცა ვამბობთ ბევრი შრე, იგულისხმება, რომ: მნიშვნელოვანი სახელმწიფოების დედაქალაქებში საქართველო არ არის პრიორიტეტული - ერთი, მეორე - ნატოს, როგორც ორგანიზაციას, კი სურს, რომ აქტიური როლი ითამაშოს და დღის წესრიგში შეინარჩუნოს საქართველოს გაწევრიანების თემა, მაგრამ ზოგადი ატმოსფეროდან გამომდინარე, რაც მსოფლიოშია გაბატონებული, მას, როგორც ბიუროკრატიულ ერთეულსაც, არ ძალუძს წამოწიოს ეს თემა და მერე ამის პედალირება მოახდინოს, წევრი სახელმწიფოები აიძულოს, რომ ეს დღის წესრიგში შეიტანონ.

ანუ, თუ გარემო სიტუაცია არ უწყობს ხელს საკითხის წინ წამოწევას და წინა პლანზე დაყენებას, ნატოს არ შეუძლია მისი ინიცირება.

რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ თუ ვაშინგტონში ან ბერლინში მოვილაპარაკებთ საქართველოს გაწევრიანებაზე, ნატო ავტომატურად გააფორმებს ამას. ეს ასე არ არის.

როგორც ჩანს, საქართველოსაც ამ ეტაპზე აწყობს ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურობის არგამოჩენა, რადგან მიმდინარე სიტუაცია არის ყველასთვის მისაღები“.

რა არის საჭირო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის? ლაშა ძებისაშვილი რამდენიმე ფაქტორს აღწერს:

„იმისათვის, რომ წარმატებული აღმოჩნდეს ჩვენი ნატოში გაწევრიანების პროცესი და მიიღონ ის, რასაც ლუკ კოფი გვთავაზობს (ეს იდეა ჯერ კიდევ 2005 წლიდან მუსირებდა ნატოში - ხომ არ გავავრცელოთ მე-5 მუხლი მხოლოდ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიებზეო), საჭიროა ჩვენ მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ვართ ქმედუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რაც არ ნიშნავს მხოლოდ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. ნატოსთვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს საკუთარი თავის დასაცავად და უნდა ვაჩვენოთ, რომ იმ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არის ეფექტიანი, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები (ნატოს დოკუმენტებში ეს საკითხი ყოველთვის პირველ ადგილას არის ხოლმე).

2014 წლიდან ყოველ კომუნიკეში გვიმეორებს ნატო - თავდაცვისუნარიანობას უნდა მიხედოთ. თუ თავდაცვისუნარიანობა არ არის გაზრდილი და არ არის ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნატოს როგორც ბიურომკრატიულ ინსტიტუტს და ჩვენს ძალიან დიდ მეგობარს არ ექნება არანაირი მორალური და ფაქტობრივი საფუძველი, რომ საქართველოს გაწევრიანების იდეის, ან სხვა დამატებითი საკითხების ინიცირება გააკეთოს ჩვენს სასარგებლოდ“.

ლაშა ძებისაშვილი განმარტავს, რომ ნატოს სახელმწიფოებს შორის საქართველოს კონსენსუსის არარასებობის, ქვეყნის არასათანადო მზაობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღეს პრაქტიკულად გამორიცხულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის რეალური აქტუალიზაცია. როცა კონსენსუსზე ლაპარაკობს, ის ხაზს უსვამს არა ზოგად კონსენსუსს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, არამედ რეალურ თანხმობას საქართველოს გაწევრიანებაზე:

„ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს გვითხრეს, რომ ოდესმე გაწევრიანდებითო, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს - როდის“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ხაზს უსვამს თავად ქვეყნის მზაობის საკითხსაც:

„საკუთრივ ჩვენი შიდაპოლიტიკური კონტექსტიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, რადიკალური განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ პოლიტიკასა და დღევანდელ პოლიტიკას შორის. უბრალოდ, ფაქტობრივი მოცემულობა რომ შევაფასოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიოდ გამოხატული პროდასავლური კურსით (რუსეთთან დაპირისპირების ხარჯზეც კი) ძალიან ჯიუტად მიიწევდა ნატოში გაწევრიანების იდეისკენ. არ აქცევდა ყურადღებას, რა რეაქცია მოყვებოდა ამას რუსეთის მხრიდან. უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული ამ თვალსაზრისით.

ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი მართლა იდგა დღის წესრიგში. ეს არის ძალიან დიდი დადებითი ფაქტორი, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უდიდესი პლუს-ფაქტორი იყო, რომლის გამოყენებაც, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. აღარ ვლაპარაკობ 2008 წლის ომის ფაქტორზე. ვერ მოხერხდა იმ მრავალი შეცდომის გამო, რაც იმ პერიოდში იქნა დაშვებული. მარტივად რომ ვთქვათ, როცა თავდაცვის მინისტრად ოქრუაშვილი და ახალაია გეყოლება, არ უნდა მოელოდე, რომ მეორე დღეს გაგაწევრიანებენ ნატოში. ეს ძალიან ზედაპირულად, სიღრმეებში რომ აღარ შევიდე“.

ლაშა ძებისაშვილის კრიტიკის ეს ნაწილი - სტაბილური, ეფექტიანი ინსტიტუტების არარსებობისა და თავდაცვის პოლიტიკის ამა თუ იმ ხელმძღვანელ პირზე დამოკიდებულების შესახებ - ვრცელდება 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც:

„პიროვნებები ძალიან დიდ როლს თამაშობენ, რადგან ჩვენთან პრობლემაა ის, რომ ინსტიტუტები არ არსებობს და პიროვნებები განაპირობებენ ინსტიტუტების მუშაობას და ხასიათს, თავიდან ბოლომდე. თითოეული მინისტრის მოსვლა (ეს არ შეცვლილა დღესაც - დაიწყო სააკაშვილის პერიოდში, დღესაც გრძელდება) ნიშნავდა სისტემის რადიკალურ ცვლილებას, ხალხის გამოცვლას, პოლიტიკების შეცვლას, თავიდან დაწყებას, ადრე დაწყებული პოლიტიკების სრულ შეცვლას, რაც თავიდან ბოლომდე ქაოსს იწვევდა, უნდობლობის ხარისხს ძალიან მაღლა წევდა საქართველოს მიმართ და ამ ბიუროკრატიულ, საქმის წარმოების დონეზე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს სვამდა მაშინაც და დღესაც - რამდენად არის ინსტიტუციურად მზად საქართველო გაწევრიანდეს ნატოში? ერთია პოლიტიკური განცხადება და მეორეა პოლიტიკების ინსტიტუციური, სტაბილური განხორციელება, რისი ნაკლები წარმატება იყო სააკაშვილის პერიოდში და არაფერი შეცვლილა ამ მხრივ „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ.

არის ერთი საკითხი, რომელსაც არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, არადა ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის ის საშინაო დავალებები და პროაქტიული პოლიტიკა, რასაც საქართველო უნდა ატარებდეს ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით. ეს ბევრ განზომილებას მოიცავს: ერთი, რასაკვირველია, არის თავდაცვისუნარიანობის თანმიმდევრული გაზრდა, რომ ნატო დარწმუნდეს, იმისდა მიუხედავად, მიგიღებს თუ არა, რომ საქართველო თანმიმდევრულად ზრდის თავდაცვის პოტენციალს, რაც გაწევრიანების შემთხვევაში, მას ძალიან ღირებულ პარტნიორად გახდის.

სამწუხაროდ, საქართველო ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ საპირისპირო მიმართულებით მიდის. ეს დაიწყო 2008 წლიდან, როცა ბიუჯეტი 2008 წელს იყო 1,5 მილიარდი ლარი, რა შესაძლებლობებითაც ჩვენ მხოლოდ 5 დღე გავძელით რეალურად და იქიდან მოყოლებული ორჯერ შემცირდა ბიუჯეტი. დღეს დაახლოებით 800 მილიონ ლარს შეადგენს. გაითვალისწინეთ მაშინდელი კურსი და დღევანდელი კურსი - პრაქტიკულად მაშინდელი ბიუჯეტის ერთი მესამედია დღევანდელი თავდაცვის ბიუჯეტი.

რა თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ვლაპარაკობთ, როცა 2008 წლიდან, ოკუპაციის პირობებში, როცა რუსეთისგან სამხედრო აგრესიის გაგრძელება ძალიან დიდ ალბათობად ითვლება, სახელმწიფო აბსოლუტურად ალოგიკურ ნაბიჯს დგამს და ამცირებს თავდაცვის ბიუჯეტს 2/3-ით?!“.

საქართველოს არაერთ მაღალჩინოსანს დაუკვეხნია, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ის ზევით რჩება, რაც ნატოს არაერთი ქვეყნის ჯერ კიდევ შესასრულებელ მიზანს წარმოადგენს. „ეს არის ბრიყვული განცხადება“, - აცხადებს რადიო თავისუფლების ეთერში ლაშა ძებისაშვილი და განმარტავს, რომ ნატოს არაწევრი საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და აგრესია არ დასრულებულა, თავდაცვის სფეროს გაუმჯობესებისთვის შეიძლება მშპ-ს 30%-ის ოდენობის ბიუჯეტიც კი იყოს საჭირო და 2%-იანი ბარიერი აქტუალურია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ისედაც ფარავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა:

„2% აქტუალურია მხოლოდ მათთვის, ვინც „გაზულუქების“ პერიოდი გამოიარა, შეეჩვია, რომ მასზე ვრცელდება უსაფრთხოების ქოლგა და შესაბამისად, დაწიეს თავდაცვის ხარჯები და დაახლოებით 1-1,5%-ს ხარჯავენ მშპ-სი. ახლა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე - რუსეთის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდისა და რუსეთის ჯარის რეფორმირების ფონზე, აშკარა გახდა, რომ ამ სახელმწიფოებს და პირველ რიგში გერმანიას, როგორც ძირითად დამრტყმელ ძალას აღმოსავლეთ ფლანგზე, სასწრაფოდ უნდა გაეზარდათ თავიანთი ხარჯები. ამ მხრივ ტრამპი აბსოლუტურად სწორ მესიჯებს გზავნის.

თუ ლაპარაკია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე, ეს ვერ მოხდება ორი ძირითადი მოთამაშის - პოლონეთისა და გერმანიის გარეშე.

პოლონეთი წარმოადგენს ძალიან ძლიერ ელემენტს ორმხრივი ურთიერთობის მხრივ - აშშ-პოლონეთის ურთიერთობის კონტექსტში. ვიცით, რომ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ამერიკული ბაზა შეიქმნება - უკვე წელს ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება პოლონეთში, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და მართლა სერიოზული ძალაა აღმოსავლეთ ფლანგზე, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სიძლიერე როგორც ლოგისტიკური, ისე საბრძოლო თვალსაზრისით ეფუძნება გერმანიას.

ნატოსთვის წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიისთვის მითითება, რომ უნდა მორჩეს ის პარაზიტული ტრადიცია, როცა ევროკავშირის უდიდესი ქვეყანა, ეკონომიკური ლოკომოტივი სარგებლობს უსაფრთხოების გარანტიებით, პრაქტიკულად არაფერს ხარჯავს თავდაცვისთვის და ამ დროს საპირისპირო ხდება აღმოსავლეთ ფლანგზე - რუსეთმა ლამის მთელი უკრაინა დაიპყრო და ლაპარაკი იყო რუსული გავლენების გაზრდაზე ბალტიისპირეთში და ა.შ.. ამიტომ, მართალია, ტრამპი ობამასნაირი პოლიტიკური კორექტულობით არ გამოირჩევა, ვაღიაროთ - ის არის პოპულისტი პოლიტიკოსი, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა უხეში, რადიკალური ფორმით იმ მესიჯის მიტანა ბერლინამდე, რომ, თუ არ მოხდებოდა თავდაცვის ხარჯების გაზრდა, აშშ გადახედავდა თავის პოლიტიკას გერმანიასთან მიმართებით.

ტრამპის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის განსაზღვრავს დღეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ხასიათს და ბუნებას“.

ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ გერმანიაში ამერიკელი სამხედროების შემცირების საკითხი ახლა არ წამოჭრილა და ტრამპის ეს გადაწყვეტილება სამხედრო თვალსაზრისით არ ცვლის სურათს იმგვარად, რომ რუსეთი რამე კონკრეტულ ნაბიჯზე წაახალისოს, რაზეც არაერთი კრიტიკოსი წერს:

„პუტინისთვის „ბრძოლის ველზე“ არაფერი შეცვლილა. ნატოს საბრძოლო შესაძლებლობები არ შეცვლილა, მაგრამ ტრამპის მოსვლიდან დაწყებული ის ფონი, რაც შემოიტანა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში - ქაოსი, ეს არის პუტინისთვის წამახალისებელი და მას გაცილებით უადვილდება რუსული იმპერიული დღის წესრიგის განხორციელება ტრანსატლანტიკური ერთიანობის არარსებობის ფონზე. ტრამპი არის ამ ერთიანობის დამრღვევი ფაქტორი“.

ლაშა ძებისაშვილი ინტერვიუს ბოლო ნაწილში ლაპარაკობს იმ გზებზე და კავშირებზე, რომელთა მიღწევას რეალურად თვლის და რისი პრაქტიკული შედეგიც იქნება საქართველოს მეტად დაახლოება ნატოსთან და ქვეყნის მიმართ ალიანსის ინტერესის გაძლიერება:

„უნდა გვახსოვდეს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების თემა არ არის მხოლოდ ნატო-საქართველოს თემა. ეს არის დიდი კონცეფცია, რომელიც უამრავ სახელმწიფოს მოიცავს და პირველ რიგში გულისხმობს ე.წ. „სამკუთხედის“ - ევროკავშირის, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობას და იმას, თუ რა როლს თამაშობს ნატო ამ სამკუთხედის ფონზე.

...ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ერთი რამ: დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა ინიციატივა, რაც ნატომ გააჟღერა საქართველოსთან მიმართებით - როგორ ხედავს ნატო შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციას და რა ადგილი უკავია ამ თვალსაზრისით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს.

ნატო აპირებს რამდენიმე ინიციატივის განხორციელებას ჩვენთან დაკავშირებით: პირველ რიგში, ეს არის საჰაერო სურათის გაზიარება ჩვენთვის, გაცილებით გაიზრდება ნატოს ხომალდების და ერთობლივი წვრთნების რაოდენობა. ეს არის ძალიან კარგი, რადგან ნატო უგზავნის მოსკოვს სიგნალს, რომ აინტერესებს ეს კუთხე და ხშირად აპირებს აქ შემოსვლას. ამ ინიციატივის გამოჩენა ნატოს მხრიდან იყო სიგნალი ჩვენთვის, რომ მიუხედავად უამრავი გიგანტური სტრატეგიული პრობლემისა, რაც გააჩნიაგლობალური მასშტაბით ალიანსსა და მის ძირითად წევრ სახელმწიფოებს, ის მაინც არ ივიწყებს საქართველოს და ცდილობს გარკვეული მექანიზმების გამოძებნას იმისათვის, რომ გარკვეულწილად მაინც გაზარდოს უსაფრთხოების განცდა, მათ შორის - პრაქტიკული თვალსაზრისით.

უკვე შესაძლებელია ჩვენთვის ამ ინიციატივის დაჭერა და მისი კიდევ უფრო მეტად გაფართოება, სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა. რას ვგულისხმობ? - იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი არის სახელმწიფოებრივი გადარჩენა, შეზღუდული ფორმით, მაგრამ მაინც, ჩვენ ყველანაირი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნას გაძლიერებული - ერთი მხრივ საკუთარი ნაბიჯებით, მეორე მხრივ სხვა სახელმწიფოების მიერ შემოთავაზებული დახმარების ფონზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ნატო არ გვივიწყებს ჩვენ, მას აქვს ეს პრობლემა - ის სრულიად ღიად ვერ აყენებს დღის წესრიგში გაწევრიანების საკითხს - ჩვენ პრაქტიკულ განზომილებაში უნდა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ნატოს დახმარებით. როგორ? - რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ზოგად სლოგანს გამოვიყენებ - „მეტი ნატოს ჯარისკაცის ჩექმა საქართველოს ტერიტორიაზე“. რასაკვირველია, მეტი ჩექმა ვერ მოხვდება ამ ეტაპზე პირდაპირ ქვედანაყოფების შემოყვანით, რადგან ამისთვის საჭიროა გაწევრიანება. არსებობს ორი გზა: ეს არის ნატოს რომელიმე ძლიერ სახელმწიფოსთან ორმხრივი მოლაპარაკება ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ნატოს ფორმატში მრავალმხრივი პროექტების განხორციელება. იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს, ჩვენ გვაქვს ორი ძალიან კარგი თემა, ესენია - ლოგისტიკური თემა და ერთობლივი წვრთნები.

ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ნატოს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ნატოს მასშტაბით ლოგისტიკური და საწვრთნელი ცენტრების გახსნა და მათი მუდმივი შემადგენლობის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების დაახლოებით რამდენიმე ასეული სამხედროს შემოყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება საბრძოლო ქვედანაყოფები და არ განიხილებიან ქვედანაყოფებად, რომლებიც დაუპირისპირდებიან, მაგალითად, რუსეთს, მათი ფაქტობრივი ყოფნა საქართველოში და ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რუტინული ლოგისტიკური თუ საწვრთნელი ფუნქციების შესრულება უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ განვაცხადოთ, რომ: ერთი - პრაქტიკულ განზომილებაში კიდევ უფრო აქტიურად ვართ ნატოსთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ მასთან, ხოლო მეორე მხრივ, ვავალდებულებთ (ცოტა ბოროტად ვიყენებ ამ ტერმინს, ასე ვთქვათ) ნატოს, ვინაიდან მას ჰყავს შემოყვანილი არასაბრძოლო, მაგრამ ლოგისტიკური და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა თავისი პერსონალით, საქართველო უფრო მეტად იქცეს ნატოსთვის მისახედ ქვეყნად. შესაბამისად, გაცილებით მეტ პოლიტიკურ და სამხედრო ყურადღებას მიაქცევს, იქნება ეს რაიმე კრიზისი, პოლიტიკური ესკალაცია თუ აღარ ვლაპარაკობ სამხედრო ესკალაციაზე.

და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ლოგისტიკური და საწვრთნელი ცენტრები ძალიან კარგად ჯდება იმ კონცეფციის ფარგლებში, რაც ნატომ ერთი თვის წინ შემოგვთავაზა - ანუ უფრო ინტენსიური ურთიერთობები შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში, გახშირებული ერთობლივი წვრთნები, მეტი ნატოს ხომალდების შემოსვლა დასაჰაერო უსაფრთხოების სივრცის შესახებ ინფორმაციის გაზიარება“.

საუბრის დასასრულს, ლაშა ძებისაშვილს ვკითხე, რამდენად ელოდება ის, რომ ნატოში ინტეგრაციის საკითხი იქნება პრიორიტეტული წინასაარჩევნო პოლიტიკურ დღის წესრიგში:

„ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს ზოგადად უვიცობა თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად პოპულიზმის და დემაგოგიის დონეზე ხდება თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების განხილვა, რაც საბოლოოდ აისახება იმაში, რომ არ გაგვაჩნია ფუნქციონირებადი ინსტიტუტები. მაგალითისთვის, პარლამენტი, რომელიც არის უსერიოზულესი მექანიზმი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის წარმოების და კონტროლის, დღევანდელი რეალობიდან აბსოლუტურად გათიშულია და მას არანაირი ფუნქცია არ გააჩნია ამ პოლიტიკის წარმოება-განსაზღვრაში. ეს არის კატასტროფა ჩვენთვის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სწორედ ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში და ინსტიტუტების სათავეში, რომლებსაც აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ და შესაბამისად, კატასტროფული შედეგით მთავრდება ქვეყნისთვის.

საკითხი იქცევა წინასაარჩევო განხილვის საგნად. ერთი მხარე დაადანაშაულებს მეორეს რაღაცის არშესრულებაში, მეორე კი უპასუხებს, რა წარმატებულია. რეალური და სიღრმისეული დისკუსია ამ საკითხებზე არ იქნება“.

XS
SM
MD
LG