Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


ცხინვალის გამოსასწორებელი კოლონიის უფროსი ოთარ მარგიევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის მიმართ მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა. ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ალან თადტაევმა.

„მიმდინარეობს იმ ფაქტების მოკვლევა, რომელმაც ინციდენტი გამოიწვია და მის შედეგებს ყველას გაგაცნობთ. ამას გარდა, სასჯელის აღსრულების სამმართველოს თანამშრომელზე გენერალური პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კამერაში ტელეფონისა და სხვა აკრძალული ნივთების შეტანის გამო“, - აღნიშნა თადტაევმა.

5 ივნისს ცხინვალის კოლონიაში რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ეს ციხის თანამშრომლების მიერ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ მოხდა. კერძოდ, ინციდენტი დროში დაემთხვა ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი პატიმრის საკნიდან 2 ტელეფონი ამოიღეს. ამის შემდეგ ციხეში დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწიეს. "ომონის" სპეცოპერაციისას ციხეში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტის შემდეგ, ცხინვალში, დაუდგენელმა პირებმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევის ბინას ქვები ესროლეს და მინები ჩაუმსხვრიეს.

მომხდარ ფაქტზე სამხედრო პროკურატურამ 4 პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG