Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ბაბიშმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ პრაღაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. პრემიერის თანახმად, ამ პირებს მითითება მისცეს, დატოვონ ჩეხეთის ტერიტორია.

5 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრჟიჩეკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაბიშმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ე.წ. რიცინის საქმის გამო, რაზეც გაირკვა, რომ იყო ყალბი ინციდენტი, რომელიც წარმოიშვა საელჩოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირების გამო.

ბაბიშმა განაცხადა, რომ ინფორმაცისა და მტკიცებულების საფუძველზე ცხადია, როგორც მას ჩეხეთის უშიშროების და ინფორმაციის სამსახურმა (BIS) ამცნო, რომ მთელი ეს საქმე წარმოიშვა პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს შორის საშინაო დაპირისპირების შედეგად, როცა „ერთმა მათგანმა ჩეხეთის უშიშროების სამსახურს განზრახ გაუგზავნა ფიქტიური ინფორმაცია ჩეხ პოლიტიკოსებზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ “, განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

შედეგად, განმარტა ბაბიშმა, „ჩვენი უშიშროების ძალების არასაჭირო დატვირთვასთან ერთად, რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა გამოიწვია დამატებითი სირთულეები ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში და ზიანი მიაყენა რუსეთის ფედერაციის კარგ სახელს ჩეხეთის რესპუბლიკაში“.

არც ბაბიშს და არც პეტრჟიჩეკს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხი არ გაუციათ და არც კონკრეტული პირების ვინაობა დაუსახელებიათ.

საქმე დაიწყო, როცა ჩეხეთის მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ანდრეი კონჩაკოვმა, რუსეთის საელჩოს მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მარტის შუა რიცხვებში, რუსეთიდან პრაღაში ჩამოიტანა რიცინი, რათა, შეთქმულებით, მოეწამლათ პრაღის მერი ზდენეკ ჰრჟიბი და მუნიციპალიტეტის კიდევ ორი მაღალი რანგის პირი, ონდჟეი კოლარჟი და პაველ ნოვოტნი.

მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის უკვე დაძაბული ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG