2015-2020 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტურ საქმიანობაზე საქართველოს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა. ამავე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა („ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“) ამავე მომსახურებაში, ჯამში, ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადეს.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ახალ გამოკვლევაშია მითითებული, ლობისტურ მომსახურებას მხოლოდ ეს ორი პარტია იღებს, ხოლო ხელშეკრულებები, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში ფორმდება.
ვინ იხდის ფულს საქართველოდან ლობისტურ საქმიანობაში?
2015-2020 წლებში, ლობისტური საქმიანობისთვის, აშშ-ში მოქმედ კომპანიებთან საქართველოდან ხელშეკრულებები გააფორმეს:
- საქართველოს მთავრობამ;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ;
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ;
- „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“;
- „ქართული ოცნებამ“.
სულ რამდენი დაიხარჯა?
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ლობისტურ საქმიანობასა და იურიდიულ მომსახურებაში ჯამში 6,261,755.15 აშშ დოლარი გადაიხადა. თანხის რა ნაწილი დაიხარჯა უშუალოდ ლობისტურ საქმიანობაზე ცნობილი არ არის.
- 2015-2020 წლებში საქართველოს მთავრობა 5 ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობდა და ჯამში 3,485,515 აშშ დოლარი გადაიხადა.
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლობისტურ საქმიანობაში 2019 წელს ჩაერთო. 2019 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლობისტურ კომპანია Hill and Knowlton Strategies-ს 1,660,469.30 აშშ დოლარი გადაუხადა.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური მომსახურების გასაწევად დაიქირავა კომპანია - Impact Management Group, რომელსაც 320,000 აშშ დოლარი გადაუხადა.
- 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა Hogan Lovells US LLP-სთან და DCI Group AZ, L.L.C.-სთან. „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კომპანიას ჯამში ერთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ორივე კომპანიისთვის ჯამში გადახდილი აქვს 141,666 აშშ დოლარი.
- „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები 2012, 2016 და 2020 წლებით თარიღდება, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
- 2015-2020 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 250,000 აშშ დოლარს იხდის.
ამ გრაფიკზე ასახული არ არის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გადარიცხული თანხები, რადგან ზუსტად ვერ დგინდება თანხის რა ნაწილი იყო მხოლოდ ლობისტური საქმიანობისთვის განკუთვნილი. კომპანიის მიერ გადარიცხული თანხა ჯამში 6,261,755.15 აშშ დოლარს შეადგენს.
IDFI შენიშნავს, რომ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 100%-იანი წილის მფლობელია სს „საპარტნიორო ფონდი“. ხოლო თავის მხრივ, სს „საპარტნიორო ფონდის“ 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო.
უარი ინფორმაციაზე - მთავრობისგან
IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კუკავა რადიო თავისუფლებასთნ საუბარში საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მათ ვერ მოიპოვეს საჯარო ინფორმაცია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებისგამ. ხოლო პასუხები კითხვებზე, თუ რა თანხას ხარჯავს საქართველო ლობისტურ საქმიანობაში, ვის, რამდენს და რისთვის უხდის, იპოვეს მხოლოდ აშშ-ს მონაცემთა ბაზებში.
„როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასეთი დიდი რაოდენობის თანხა ირიცხება ლობისტური საქმიანობისათვის, ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და მარტივად ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაშიც. ამის გასაიდუმლოებას აზრი არა აქვს, რადგან ის ღიად დევს ამერიკის მონაცემთა ბაზაში (ინფორმაცია ატვირთულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში), ხოლო ის, თუ რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ეს თანხა, ეს ცალკე კვლევის საგანია“, - უთხრა ქეთი კუკავამ რადიო თავისუფლებას.
უფრო დეტალურად, ლობისტურ საქმიანობაში საქართველოდან გადახდილი ფული ასეა განაწილებული:
საქართველოს მთავრობის დახარჯული ფული ლობიზმში
საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი ოდენობის თანხა გადაიხადა 2019 წელს - 960,000 აშშ დოლარი Chartwell Strategy Group-თან გაფორმებული 2019 წლის 25 იანვრის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ლობისტურ კომპანიას უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება:
- აშშ-ს წამყვან ჯგუფებთან ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, თეთრ სახლთან, სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტთან;
- სტრატეგიული რჩევების მიწოდება საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავების, აშშ-დან საგარეო უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღების საკითხებზე;
- აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ჩართვა საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაში დახმარება;
- მთავრობის მეთაურის საკომუნიკაციო მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე;
- რჩევების მიცემა მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციების გუნდისთვის მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე;
- მედია სტრატეგიის მომზადება და აშშ-ს წამყვან მედია საშუალებებთან კომუნიკაცია.
ამისათვის მთავრობის ადმინისტრაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 491 668 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
საქართველოს მთავრობამ Chartwell Strategy Group-თან 2020 წლის იანვარში კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა.
IDFI წერს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული თანხის შესახებ ინფორმაცია. თუმცა, გასაწევი მომსახურება მოიცავს იმავე პირობებს, რასაც 2019 წლის 25 იანვრის ხელშეკრულება ითვალისწინებდა.
ეკონომიკის სამინისტროს დახარჯული ფული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ლობისტურ საქმიანობაში 2019 წელს ჩაერთო. სამინისტრომ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა Hill and Knowlton Strategies-თან.
Hill and Knowlton Strategies-ის ხელშეკრულებით ევალებოდა ინვესტიციების ხელშემწყობი მედია კამპანიების წარმოება. ხელშეკრულებას ხელს აწერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.
Hill and Knowlton Strategies-ის მომსახურების საფასური იყო 750 000 აშშ დოლარი, ხოლო საქართველო შესახებ მედია პროდუქციის წარმოებისა და მისი განთავსების ღირებულება - 1 124 755 აშშ დოლარი. ლობისტურ კომპანიას უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება:
- საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კვლევის ჩატარება,
- გავლენიანი დაინტერესებული პირების ინფორმირება,
- აშშ-ს ფედერალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქართველოთი დაინტერესება,
- ადგილობრივი, ეროვნული და სავაჭრო პრესის გამოყენებით საქართველოსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მხარდაჭერა,
- მედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება.
2019 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადახდილი აქვს 1,660,469.30 აშშ დოლარი. ამ დროისთვის ხელშეკრულება დასრულებული ან შეწყვეტილი არ არის.
რაში და რამდენს იხდიდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“?
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში იყო 2017-2019 წლებში, ხოლო მომსახურების საფასურს წარმოადგენდა ყოველ საათში 600-1000 აშშ დოლარი.
სარეგისტრაციო განაცხადში მითითებული პირობების თანახმად, ლობისტურ კომპანიას საკონსულტაციო მომსახურება უნდა გაეწია:
- ნავთობის, გაზისა და მინერალების მარაგის განვითარებისა და გამოყენების შესახებ გარიგებებთან დაკავშირებით;
- მას ასევე ევალებოდა ადვოკატირება კერძო ორგანიზაციებთან არსებულ სახელშეკრულებო დავებში.
„ქართული ოცნების“ ხარჯები - ლობისტური საქმიანობისთვის
გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება“ 2008-2015 წლებში ლობისტური საქმიანობის მსხვილ მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი იყო. ლობისტურ საქმიანობაზე პარტიამ და პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს - 5,147,185.09 აშშ დოლარი დახარჯა.
ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აშშ-ს პოლიტიკურ ლიდერებთან ურთიერთობების გასამყარებლად და დასავლური მედიისთვის არჩევნების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტური მომსახურების გასაწევად დაიქირავა კომპანია - Impact Management Group.
ამ მომსახურებაში „ქართულმა ოცნებამ“ 320,000 აშშ დოლარი გადაიხადა. თავის მხრივ, Impact Management Group-ს ორი ქვეკონტრაქტორი ჰყავდა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ სახელით ჯამში 42,500 აშშ დოლარი გადაუხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა. Hogan Lovells US LLP-სთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, კომპანიამ „ქართულ ოცნებას“ დახმარება უნდა გაუწიოს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაში, აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ადვოკატირებაში „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის ინტერესებთან დაკავშირებით.
ხელშეკრულებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი. საკონსულტაციო მომსახურების საფასური კი 900 000 აშშ დოლარს შეადგენს. 2020 წლის 25 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ თანხის ნაწილი - 75 000 აშშ დოლარი გადარიცხა.
მეორე ხელშეკრულება „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული აქვს DCI Group AZ, L.L.C.-სთან. სარეგისტრაციო განაცხადის თანახმად, ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს ლობისტური კომპანიის მიერ „ქართული ოცნების“ სანდო და პრაგმატულ, დასავლური დემოკრატიულ-ლიბერალური იდეალების მიმართ ერთგულ პარტნიორად წარმოჩენა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიას, სიმშვიდესა და სტაბილურობას.
ამ მომსახურებაში „ქართული ოცნება“ 1 წლის განმავლობაში თვეში 33,333 აშშ დოლარს იხდის, რაც ჯამში 299,997 აშშ დოლარს შეადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის მარტში ორი თვის საფასური - 66,666 აშშ დოლარი გადაიხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ორივე კომპანიას ჯამში 1,199,997 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში გადახდილ თანხასთან შედარებით.
საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ ლობისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები 2012, 2016 და 2020 წლებით თარიღდება, რაც ემთხვევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს.
რას ხარჯავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2015-2020 წლებში ხელშეკრულება გააფორმა 2 ლობისტურ კომპანიასთან. 2015 წელს Fianna Strategies LLC-სთან დადებული შეთანხმების თანახმად, ლობისტური კომპანიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა გაეწია კონსულტაცია და დახმარებოდა აშშ-ს კონგრესთან, ადმინისტრაციასთან პარტნიორობის გაღრმავებასა და მედიასთან ურთიერთობაში.
ამ მომსახურებისთვის „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ 15,000 აშშ დოლარი გადარიცხა:
2019 წლის 8 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ Orion Strategies LLC-სთან გააფორმა ხელშეკრულება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 250,000 აშშ დოლარს იხდის. პარტიამ 2019 წლის 5 ნოემბერს თანხის ერთი მეოთხედი - 62, 500 აშშ დოლარი გადარიცხა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2015-2020 წლებში ლობისტური საქმიანობის გასაწევად კომპანიებისთვის ჯამურად გადახდილი აქვს 77,500 აშშ დოლარი. თუმცა, Orion Strategies LLC-ს 2020 წლის ბოლომდე უნდა გადაურიცხოს 187,500 აშშ დოლარი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში Orion Strategies LLC-სთან საქართველოს მთავრობასაც ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული.
ამჟამად, ლობისტურმა კომპანიამ მომსახურება უნდა გასწიოს 2020 წლის 7 ოქტომბრამდე. 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში უნდა გაიმართოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები.
ნაციონალურ მოძრაობას Fianna Strategies LLC-სთან ხელშეკრულება ასევე დადებული ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, აქტიურად თანამშრომლობს ლობისტურ კომპანიებთან საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს ლობისტური საქმიანობის შესახებ ანგარიში 2015 წელსაც გამოაქვეყნა და აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ხელშეკრულებების ანალიზით მაშინაც დადგინდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტურ საქმიანობაზე ყოველწლიურად ასი ათასობით დოლარი იხარჯებოდა.
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური საქმიანობის განსახორციელებლად, სხვადასხვა ლობისტურ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები 1991 წლიდან იდება.