ევროპელი პოლიტიკოსები მოითხოვენ ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩის, ბლოგერ სერგეი ციხანოვსკისა და სხვა, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს განუცხადა პეტერ სტანომ, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის, ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„ბოლო მოვლენებმა ბელარუსში სერიოზული შეკითხვები გააჩინა ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის თვალსაზრისით“, - განაცხადა სტანომ და მოუწოდა მინსკს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უზრუნველყოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, „რაც არჩევნების გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.“
31 მაისს მინსკში ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი, ნიკალაი სტატკევიჩი დააკავეს, როცა დემონსტრაციაზე მიემართებოდა. სტატკევიჩი პრეზიდენტობის ყოფილი პოტენციური კანდიდატია, რომელსაც რეგისტრაციაზე ამ თვის დასაწყისში უარი უთხრეს.
მანამდე პოლიციამ დააპატიმრა ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი „არასანქცირებულ მასობრივ შეხვედრაში“ მონაწილეობისთვის.
ახლახან უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ბელარუსში მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა დემონსტრანტებზე, ოპოზიციონერ ბლოგერებზე, ჟურნალისტებსა და მთავრობის სხვა კრიტიკოსებზე და დაიწყო "განურჩეველი დაპატიმრებების ახალი ტალღა", 9 აგვისტოს დანიშნული არჩევნების წინ.
კრიტიკის პასუხად პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოვიდა ღია გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში "მაიდანი" არ იქნება - მას შემდეგ, რაც მინსკსა და სხვა ქალაქებში ჩატარდა მასობრივი აქციები პოტენციური ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდასაჭერად.