აშშ-ში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო. ადგილობრივი დროით 1 ივნისის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა ვაშინგტონშიც, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ანტირასისტული დემონსტრაციები რამდენჯერმე გადაიზარდა ძალადობაში. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ტელეკომპანია CNN-ის და გაზეთ The New York Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლთან საპროტესტო აქციის დროს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარკვეული დროით გადაიყვანეს მიწისქვეშა ბუნკერში.
კომენდანტის საათი გამოცხადებულია აშშ-ის სულ მცირე 40 ქალაქში. პოლიციელების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 5 ათასამდე სამხედრო.
პოლიციელების მიერ დაკავებული, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, ქალაქ მინეაპოლისში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერდა.
პოლიციის ოფიცერს წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები მოითხოვენ, რომ პოლიციელი უფრო მძიმე მუხლით გასამართლდეს და პასუხი აგონ საქმეში მონაწილე სხვა ოფიცრებმაც.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო აშშ-ში ერთი კვირის წინ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს თან ახლავს ვანდალიზმი და ფიზიკური ძალადობა. თეთრი სახლი ძალადობის ორგანიზატორად მიიჩნევს ანტიფაშისტურ მოძრაობა „ანტიფას“. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებენ.