Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების ამერიკელი ლობისტები: საქართველოს ოპოზიციური პარტიები არ ასრულებენ პირობებს


ფრაგმენტი DCI Group-ის წარმომადგენლის წერილიდან: "გთხოვთ იხ. თანდართული განცხადება, სადაც ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციას დაასრულოს პოლიტიკური ფარსი და მხარი დაუჭიროს საარჩევნო რეფორმას, რომელიც გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას და დააჩქარებს გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ".
ფრაგმენტი DCI Group-ის წარმომადგენლის წერილიდან: "გთხოვთ იხ. თანდართული განცხადება, სადაც ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციას დაასრულოს პოლიტიკური ფარსი და მხარი დაუჭიროს საარჩევნო რეფორმას, რომელიც გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას და დააჩქარებს გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ".

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, DCI Group-ის წარმომადგენლის, ჯერი მარკონის მიერ ამერიკის პოლიტიკურ წრეებში 16 მაისს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალებით „მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს საარჩევნო რეფორმის შეთანხმების მხარდასაჭერად“, თუმცა ოპოზიციური პარტიები თავიანთ პირობებს არ ასრულებენ.

„აშშ-ის საელჩო თბილისში მყისიერად მიესალმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ამან შექმნა ‘თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო’. საელჩომ მოუწოდა ‘ყველა მხარეს სრულად განახორციელონ შეთანხმება’, რათა შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ‘თავისუფალი და სამართლიანი’ იყოს“ - ვკითხულობთ მარკონის წერილში.

„სამწუხაროდ, ეს ყურად ყველამ არ იღო. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც სათავეში გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა (ენმ), ევროპული საქართველო და სხვები უდგანან, თავიანთ პირობებს არ ასრულებენ“ - განაგრძობს მარკონი. „ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უარი უნდა თქვან მუქარაზე, ბოიკოტებზე და სხვა ტიპის მანიპულაციებზე. პოლიტიკური თამაშობების დრო დასრულდა“ - დასძენს „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის წარმომადგენელი.

ჯერი მარკონის წერილს თან ერთვის ქართული ოცნების განცხადების ასლი, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტია ოპოზიციას მოუწოდებს შეწყვიტოს „პოლიტიკური ფარსი“ და მხარი დაუჭიროს საარჩევნო რეფორმას.

წერილი 18 მაისს არის ატვირთული იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე, სადაც პირველი წერილი ამ ლობისტური კომპანიის სახელით 10 მარტს გვხვდება და 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შესახებ ამცნობს ამერიკაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე სამიზნე ჯგუფებს. 10 მარტის წერილში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზეა გამახვილებული ყურადღება და არ არის საუბარი იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით მხარეები სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზირებულად აღქმულ შემთხვევებზე რეაგირებასა და მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ.

იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტზე ასევე გამოქვეყნებლია DCI Group-ის 31 მარტის წერილი, საქართველოს მთავრობის წარმატებულ ბრძოლაზე კორონავირუსის წინააღმდეგ და 20 აპრილს დაგზავნილი წერილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის „გულუხვ ქველმოქმედებაზე“ - 100 მილიონი ლარის გადარიცხვაზე COVID-19-ის სპეციალურ ფონდში. წერილში მითითებულია, რომ ივანიშვილის შემოწირულობას ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Express-მა "გამაოგნებელი" უწოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ DCI Group-თან ხელშეკრულება 2020 წლის 14 თებერვალს გააფორმა და კომპანიას დაევალა საქართველოს მმართველი პარტიის, როგორც დემოკრატიის და აშშ-ის სტაბილური პარტნიორის წარმოჩინება. ხელშეკრულება 2020 წლის ნ 31 ოქტომბრამდეა ძალაში და “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიას თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით ლობისტურ კოპმანიებს ევალებათ მათი უცხოელი დამკვეთის სახელით განხორციელებული ყველა აქტივობისა და კომუნიკაციის გამოქვეყნება.

XS
SM
MD
LG