ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.
წყაროს ინფორმაციით, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული.
როგორც წყარო ეუბნება რადიო თავისუფლებას, შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.
რადიო თავისუფლება გუშინ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, უწყებისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია დაკავებული ჩოგბურთელისა და მისი ბრალის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს პრესსამსახური დაგვპირდა ინფორმაციის მოძიებას, ის კონტაქტზე აღარ გამოვიდა. პრესსამსახური აღარ პასუხობდა არც გზავნილებსა და არც სატელეფონო ზარებს.
გუშინ ეს ინფორმაცია უარყო დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, მან ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა: "არა, თქვენ მცდარი ინფორმაცია გაქვთ. არ ვიცი ამის შესახებ არაფერი და არანაირ ჩოგბურთელს არ ვიცავ", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
დაზარალებულს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის".
ამავე თემაზე: ყოფილი ცოლის ცემისთვის ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა