„ქართული ოცნების“ ლიდერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ეს კინო უკვე ნანახი აქვს“. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინის ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა.
„პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისთვის და სწორი გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად გამწესების. თუმცა ეს თანამდებობაც, მოგონილი თანამდებობაა - ასე ვიტყოდი, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში“, - თქვა კალაძემ.
სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.