ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადასა და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 15 სუბიექტი აწერს, აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა ორ მეგობარ სახელმწიფოს მხოლოდ დააახლოებს.
ოპოზიციური პარტიები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებსა და ქმედებებს სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრულ ნაბიჯად და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციოდ ჩარევის მცდელობად აფასებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მათი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და არ ასახავს ქართველო ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ:
„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებით.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოების და ხალხების საერთო მიზანია.
დასასრულ, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გრიგოლ ვაშაძე; დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „გამარჯვებული საქართველო“ – გურამ ჩალაგაშვილი; „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია; საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია“ – მანანა ჯებაშვილი; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ისტორიკოსი.
უკრაინული მედიის მიერ 30 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა თანამდებობა შესთავაზოს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი აღარ არის ვიცე-პრემიერის პოსტზე.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის რადაში ხმების საკმაო რაოდენობაა ვიცე-პრემიერის პოსტზე დასამტკიცებლადაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, არჩევანი სხვა თანამდებობაზე შეჩერდა.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბოლო დროს რამდენიმე განცხადება გააკეთეს. ამ განცხადებების თანახმად, სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა დააზიანებს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.