Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტის სპიკერი დარწმუნებული არ არის, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას მიემხრობა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი (მარცხნივ) და პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი (მარცხნივ) და პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი

უკრაინის პარლამენტის - ვერხოვნა რადას სპიკერი დმიტრო რაზუმკოვი დარწმუნებული არ არის, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას. ამის შესახებ მან სააგენტო РБК-Україна-ს უთხრა.

რაზუმკოვის შეფასებით, მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ გუნდში საკმარისად არიან მთავრობისთვის სასარგებლო ადამიანები.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სფეროში ექსპერტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს გუნდში საკმარისად არიან კოლეგები, რომლებსაც რეფორმების გატარება შეუძლიათ. დღევანდელი მდგომარეობით, დარწმუნებული არ ვარ, რომ მთლიანად გავიზიარებ და მხარს დავუჭერ მთავრობაში საკადრო დანიშვნებს, რომელიც ამჟამად განიხილება“, - განაცხადა რაზუმკოვმა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში უმრავლესობით მყოფი „ხალხის მსახურის“ ფრაქციაში აზრი გაყოფილია და თუ საკადრო საკითხი პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შევა, ძალთა თანაფარდობა საბოლოოდ მაშინ გამოჩნდება.

უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 30 აპრილსაა დაგეგმილი. „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მომხრე დავით არახამიას ინფორმაციით, საკადრო საკითხი სხდომის დღის წესრიგში ჯერჯერობით არ შეუტანიათ და გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტის ოფისის ინიციატივით დაემატოს.

უკრაინის მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის გარდა, ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ეწინააღმდეგება პარლამენტში წარმოდგენილი „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“. სხვა ფრაქციების საბოლოო პოზიცია ჯერ უცნობია.

უკრაინული მედია საპარლამენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 24 აპრილს სააკაშვილი შეხვდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერდა, ფრაქციის წევრთა უმრავლესობა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა.

უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან საქართველოს ელჩს კონსულტაციისთვის გაიწვევენ. თბილისის პროტესტს „პოლიტიკური აგრესია“ უწოდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

27 აპრილს პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოუწოდეს, „პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ნუ ვაქცევთ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს დაპირისპირების საგნად ჩვენს ქვეყანაში. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინა-საქართველოს ისტორიულ, სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობას“.

XS
SM
MD
LG