Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო: ძიძები და ფიზიკურ პირებთან დასაქმებულები დახმარებას ვერ მიიღებენ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან იყვნენ დასაქმებულები, დახმარებას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

ამ ადამიანებს შორის მოიაზრებიან ძიძები, ოჯახის დამხმარე პირები და სხვები.

"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება არ იქნება საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი", - თქვა მან.

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ წარმოადგენა კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები, ასევე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმაც.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, 24 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაფორმალურად დასაქმებულები უმარტივესი გზით მიიღებენ დახმარებას, როგორც კი შეძლებენ დაადასტურონ რაიმე სახის შემოსავალი.

მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია ქვეყანა და "ახლა ვართ ფაქტობრივად ომში", ამიტომ ხელისუფლება ადამიანებს არ გაარჩევს, "თუმცა არ იქნება მარტივი".

თვითდასაქმებულებს მთავრობა 300 ლარით ერთჯერადად დაეხმარება, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG