Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაშიფრულია 40 კილო „ჰეროინის“ საქართველოს გავლით ტრანსპორტირების სქემა


სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ - ასეთია მარშრუტი 40 კილოგრამამდე „ჰეროინისა“, რომელთან დაკავშირებული სპეცოპერაციაც 26 აპრილს, ბათუმში, ბულგარეთის 2 მოქალაქის დაკავებით დასრულდა.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ფასი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოძიების ინფორმაციით, ბულგარეთის მოქალაქეებმა, ბრალდებულებმა (დ.მ.-მ და ვ.ც.) დიდი ოდენობით „ჰეროინი“ სომხეთის რესპუბლიკიდან „მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით“ შემოიტანეს.

ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა ბათუმში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ სამალავში და პარალელურად, ორგანიზატორები მუშაობდნენ ევროპაში გადაზიდვის გეგმაზე.

შს სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა 2-თვიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს არაერთი უწყებისა და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით.

ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების პროცესში მონაწილეობდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, საქართველოს გენერალური პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG