უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 30 აპრილამდე გადაიდო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ კენჭისყრა. ამის თაობაზე ინფორმაცია თავად სააკაშვილმა გაავრცელა ფეისბუკით.
„რა თქმა უნდა, იყო იმედები, რომ დღეს გაიმართებოდა ჩემ კანიდადატურაზე კენჭისყრა ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკისა და „ხალხის მსახურის“ და სხვა ფრაქციების დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერაში, ამიტომ მოვემზადებით ხუთშაბათის კენჭისყრისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ წევრებს.
ის შეეცადა, დაერწმუნებინა დეპუტატები, მხარი დაუჭირათ მისი კანდიდატურისათვის. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.
გავრცელებული ცნობით, სააკაშვილმა ვერ შეძლო უკრაინის მმართველი, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის უმრავლესობის დარწმუნება, მხარი დაეჭირათ მისი კანდიდატურისთვის. ამიტომ მის წინაშე დადგა ამოცანა, შეაგროვოს ხმები ვერხოვნა რადას სხვა საპარლამენტო ფრაქციებში.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკითხვას, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის თანამდებობის შეთავაზებას შეეხებოდა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლების მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.