კახა ბატიაშვილი ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან, რომელსაც მარწყვის სასათბურე მეურნეობა აქვს. მანამდე იყო ილიას უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ 3 წლის წინ სწავლას თავი დაანება - დარწმუნდა, რომ გეოლოგი ვერ გამოვიდოდა, რადგან სოფლის მეურნეობა უფრო მეტად აინტერესებდა.
სწავლისთვის თავის დანებების შემდეგ 22 წლის კახა ბატიაშვილი ლაგოდეხში, მშობლიურ სოფელში, ჩადუნიანში, დაბრუნდა. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში კვების ობიექტებში მუშაობდა. გარკვეული რაოდენობის თანხა მოაგროვა და ძმასთან ერთად ორი სათბური ააშენა. ერთში ადგილობრივი მარწყვი გააშენა, მეორეში კი - ჰიბრიდული.