კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დასჯადი იქნება. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
ამ დრომდე მოქალაქეები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჯარიმდებოდნენ, ახლა კი შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტებიც არსებობს.
ამ რეგულაციის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ისინი ჯერ 10 ათასი ლარით დასანქცირდებიან, შემდეგ ჯერზე კი ან განმეორებითი ჯარიმით ანდა საქმიანობის შეჩერებით.
საქართველოში ამ დრომდე კარანტინის წესების დარღვევა მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით ისჯებოდა, რომელის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს 21 მარტს გამოიცა და 22 მაისამდე მოქმედებს.