საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა და შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სოფლად და კიდევ უფრო რთული ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ სწორედ მათ საჭიროებებზე ყვება:
„ყურადღება უნდა გავამახვილოთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებზე, სადაც ბევრგან აფთიაქიც არ არის. მაგალითად, კოშკა და გუგუტიანთკარი, გასული ზაფხული ფაქტობრივად იქ გავატარეთ. კოშკასა და გუგუტიანთკარში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ვისაც კი მანქანა ჰყავს, ან რა საშუალებებიც გააჩნიათ, გამოდიოდნენ ხოლმე ქალაქში, ან იქვე მეზობელ სოფელ ტყვიავში და იქაურ მაღაზიებში იძენდნენ გარკვეულ მარაგს
ქალაქზე უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სოფლები, სადაც საერთოდ არ არის არც მაღაზია, არც აფთიაქი, არც ამბულატორია. ამ ადამიანების ბედი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე.
ბოლო პერიოდში კარგად მუშაობს ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“. ისინი აგროვებენ სურსათ-სანოვაგეს, პირველადი მოხმარების საშუალებებს და ვიცი, რომ გავიდნენ ასეთ სოფლებში. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოფლებში ბევრი მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს. ამ უტრანსპორტობის გამო ახალგაზრდები მათ მონახულებასაც ვერ ახერხებენ“.
გოგა აფციაური კოვიდრეალობაზე ოკუპაციის კონტექსტშირაც შეეხება აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას:
„დაბნეულია როგორც ერი, ისე ბერი. ადამიანები სულ ეკითხებიან ერთმანეთს როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთო. ქუჩის გამოკითხვა გავაკეთე ამ დღეებში, მიცვალებულთა ხსოვნის დღეები მოდის და აპირებენ თუ არა საფლავებზე წასვლას და როგორც ჩანს, მოსახლეობა ინფორმირებულია, სახლში სხედან, საინფორმაციო საშუალებების მიმართ არის მეტი ინტერესი. ჩემს მიერ გამოკითხული გორელების დიდმა ნაწილმა მითხრა, რომ თავს შევიკავებთ, გვაპატიონ მიცვალებულებმა, სახლში მივაგებთ პატივსო. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ამბობენ, რაც უნდა წინააღმდეგობა შეგვხვდეს, მაინც წავალთ და ამ ტრადიციულ წესს შევსრულებთო.
უფრო მეტად დაბნეულობას ვხედავ ამ წინასააღდგომო დღეებში, ვიდრე ერთიან, ჩამოყალიბებულ პოზიციას“.
გოგა აფციაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლებების განსხვავებულ პოზიციებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, თუკი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებისთანავე თავად გამოავლინა ინტერესი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ერთი მხრივ ინფორმაცია და აგრეთვე დახმარება მიეღო, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ამ ვითარებასაც საქართველოს ხელისუფლებისგან მომდინარე გაურკვეველ საფრთხეებზე ლაპარაკობს:
„აფხაზებმა დახურული შეხვედრაც კი მოითხოვეს, მარტის დასაწყისში. აინტერესებდათ ინფორმაცია, როგორ მოქცეულიყვნენ პანდემიის პირობებში და იქვე ითხოვეს დახმარება. ეს პროცესი დაიძრა და გახსოვთ, რომ 2008 წლის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებები წინააღმდეგები იყვნენ საერთაშორისო მისიები შესულიყვნენ ერგნეთიდან და ენგურიდან ამ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში სოხუმმა დაუშვა, რომ სწორედ ენგურის ხიდიდან შესულიყვნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განვითრების პროგრამის წარმომადგენლები და ტვირთი ჩაეტანათ ექიმებისთვის - აღჭურვილობა, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ..
სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალი უარს ამბობს ასეთ შეთავაზებებზე. უკიდურესად მძიმე ავადმყოფების გადმოსაყვანადაც კი ჩაკეტილია გზა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის, კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინამდე წითელი ჯვარი იყო ერთადერთი, რომელიც მუშაობდა ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაცენტები სწორედ ამ ორგანიზაციას გადმოჰყავდა და შემდეგ გადაჰყავდა უკან.
ერთ-ერთ ოსურ საიტზე წავიკითხე საქართველოს ხელისუფლება დრონებით ეცდება კორონავირუსის გავრცელებასო. კურიოზებამდე მიდიან. მედოევი ამბობდა, იქაური ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ საქართველოში ვეღარ აჩერებენ კორონავირუსის გავრცელებას, ტალღა წამოვა ხალხის, რომ ცხინვალში შემოვიდნენ და საზღვრები უნდა გავამაგროთო.
იქაური „კა-გე-ბე“ მტრის ხატს ქმნის ქართველებისგან. რამდენიმე დღის წინ იმავე ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა სტატისტიკა მარტის დაკავებების შემთხვევებზე. 40 დამრღვევიდან 38 იმავე ტერიტორიაზე მცხოვრები აღმოჩნდა. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები აქედან იქით კი არ გარბიან, არამედ იქიდან მეტი სურვილი ჩანდა მარტში და წინა თვეებშიც გადმოსულიყვნენ სხვადასხვა საჭიროებებისთვის აქეთ მხარეს“.
ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად შეზღუდა ადამიანების გადასვლა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რის გამოც უკვე თვეებია იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე0 არასათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა.