საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) საბა აკრიტიკებს აღდგომის ლიტურგიაზე მრევლის დასწრების შესახებ საპატრიარქოს პოზიციას და აღნიშნავს, რომ არც თავად გაურბის პასუხისმგებლობას.
„ჩემი აზრი ცნობილია, თუმცა მას აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრი და მოწოდება იყო ის, რომ გავითვალისწინოთ მთავარი მოწოდება, სახლში დარჩენის, თუმცა ასე არ ხდება. ახლა ისღა დაგვრჩენია, შევთხოვოთ ღმერთს, რომ დაგვიცვას“, - თქვა ეპისკოპოსმა საბამ „ტვ პირველის“ ეთერში. მან აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არც თავად გაურბის, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი: „ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ. პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან. პასუხისმგებლობა არის ის, რომ იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, რომ პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ. იმიტომ, რომ მრევლს რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს. ამიტომ, მრევლს როდესაც არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები, რა იქნება“.
ეპისკოპოსი ინტერესდება, გაეცა თუ არა პასუხი იმ სასულიერო პირებს, რომლებიც აცხადებდნენ: „ქრისტიანობა არის ვაჟკაცობა და აბა ახლა ვინ დარჩება აღდგომას სახლში და ვინ მოვა ტაძარში“. ეპარქიის ხელმძღვანელი განაგრძობს: „ან კიდევ [მოწოდება] ასი ათასი მოწამის ერი ვართ ჩვენ და ახლა ჩნდება ჩვენ ქრისტეს ეკლესიას ვუღალატებთ თუ არა“. ეპისკოპოსი ამბობს: „ხალხს თუ ვეუბნებით, რომ ეს ასე არ არის, დღეს თქვენ არავინ გართმევთ სარწმუნოებას, ქრისტეს სიყვარულს, არამედ ჩვენ ვებრძვით ვირუსს. ამ მეთოდებს გვეუბნება მედიკოსები და სახელმწიფოს წარმომადგენლები და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს. ამიტომ, როდესაც ასე დააყენეს საკითხი, რომ თითქოს დღეს მართლმადიდებლების დევნა იწყება, მრევლმა ეს სხვანაირად აღიქვა. ვიტყვი, რომ ასეთი განცხადებები არის უპატივცემულო და უპასუხისმგებლო განცხადებები პირველ რიგში მრევლის მიმართ“.
ეპისკოპოსი დასძენს: „მაშინ, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მოუწოდეს, რომ სახლში დარჩნენ. თუ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ვეუბნებით, სახლში დარჩნენ, ამით რას ვეუბნებით მათ? მეორე მხრივ, თუ განცხადება არის, რომ სახლში დარჩენა ღვთის გმობაა, მათ ვეუბნებით, რომ თქვენ რისკში ხართ, მაგრამ დაგმეთ ღმერთი და დარჩით სახლში. ეს ხო უპასუხისმგებლო განცხადებებია. თუ სახლში დარჩენაზეა საუბარი, ეს ყველას ეხება“.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.
ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც".