ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო მიესალმებიან მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა გაერთიანებები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდეს.
მათ წარმოადგინეს კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერ სასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტულ ნაბიჯთა ჩამონათვალი.
ეს რეკომენდაციებია:
- სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;
- დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;
- შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;
- შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;
- ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.
„ყველა ეს ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს. შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება. ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებს, დაჯარიმებებს და, რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე. მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნესსუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.