საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დღეს, 3 აპრილს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხვიჩა კიკილაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა მოსამართლე მაია კოპალეიშვილს. კანონის თანახმად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლე 24 ნოემბრამდე უნდა აერჩია.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა რამდენიმე დღის წინ, 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. უზენაესი სასამართლოს პლენუმს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის საკითხის განხილვის გადადება 3 აპრილისთვის დანიშნულ სხდომაზეც ურჩიეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 3 აპრილს დილიდანვე მოუწოდეს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეეკავებინა თავი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნისგან.
არასამთავრობო ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას იმ პირობებში, როდესაც პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა.
„გადაწყვეტილების საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით მიღებამ გამორიცხა, როგორც კანდიდატზე საჯარო მსჯელობა (მისი ვინაობა მხოლოდ კენჭისყრაზე გახდა ცნობილი), ისე დანიშვნის მიმდინარეობის სამოქალაქო კონტროლი. ეს უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, მიმართ ნდობაზე.
აღსანიშნავია, რომ სხდომაში უზენაესი სასამართლოს რამდენიმე წევრმა მონაწილეობა არ მიიღო - ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და ვაფასებთ მას“, - აღნიშნულია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში, რომელიც ამჯერად ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკალიშვილის არჩევას გამოეხმაურა „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფიც“. ორგანიზაციის თანახმად, ხვიჩა კიკილაშვილი სასამართლოს თავმჯდომარეების იმ „კასტის“ წარმომადგენელია, „რომლებიც დიდი ხანია ქართულ მართლმსაჯულებაში მოსამართლეების პოლიტიკური კონტროლის ფუნქციას ასრულებენ.”
ხვიჩა კიკილაშვილის მიერ განხილულ საქმეთა შორისაა ე.წ. „მიქაუტაძის საქმის” ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს გიორგი მიქაუტაძეს 3 აპრილს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის არჩევას. იგი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგება.