ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრს, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საკრებულოს წევრმა ნანა შატბერაშვილმა უთხრა. მისი თქმით, მას ინფორმაცია რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა დავით ბეგაშვილმა შეატყობინა. ამჟამად მას ტელეფონი გათიშული აქვს. „10 აპრილამდე თვითიზოლაციაში ვიქნებით", - აღნიშნავს ნანა შატბერაშვილი.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, ტაბაღუამ დასძინა, რომ პირადად მან ინფიცირებული ერთ კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მათ შორის თვითმმართველობის შენობაში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.
რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.