- რა არის COVID-19?
- რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?
- კორონავირუსია, თუ რამე სხვა?
- მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა?
- რა არის პანდემია?
- ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკჯგუფში?
- თვითიზოლაცია მჭირდება?
- თუ მარტო არ ვცხოვრობ?
- რამდენად ემუქრება ვირუსი ჩემს შვილს?
- თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს?
- რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ?
- მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლა შემიძლია?
- თვითიზოლაციაში ვარ, დამსაქმებელი კი მაიძულებს სამსახურში მივიდე. რა ვქნა?
- მგონია, რომ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს. რა ვქნა?
- დამსაქმებელს შეუძლია, ძალით დამაწერინოს უხელფასო შვებულება?
- არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ვაქცინა?
- უსაფრთხოა თუ არა გზავნილის მიღება კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი არეალიდან?
- პირბადე და ხელთათმანები დამიცავს?
- როგორ ჩავიტარო ტესტი კორონავირუსზე?
- რომელია ყველაზე ბინძური ნივთები?
- როგორ გავუმკლავდე სტრესს?
- საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?
- ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის?
- საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში?
- მინდა ფინანსური დახმარება გავწიო კორონავირუსთან ბრძოლაში. ვის მივმართო?
- ბოლო სიახლეებს გაეცანით აქ.
რა არის COVID-19?
COVID-19 კორონავირუსების ჯგუფის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახლახან აღმოჩენილი კორონავირუსი იწვევს. ახალი ვირუსი და დაავადება ჩინეთის პროვინცია უჰანში გავრცელებამდე, 2019 წლის დეკემბრამდე არ იყო ცნობილი.
რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?
ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, ტკივილები სხეულში და სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა.
კორონავირუსია თუ რამე სხვა?
მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა?
ოჯახის ექიმს კონსულტაციაზე მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველა და სურდო, მაგრამ, ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.
ინფექციურ საავადმყოფოს მიმართეთ იმ შემთხვევაში, თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და, ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;
- დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი: 116 001
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05
რა არის პანდემია?
პანდემია ასოცირდება დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებასთან. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის განმარტებით, პანდემია ცხადდება, როცა მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება ახალი დაავადება, რომლის იმუნიტეტიც ადამიანებს არ აქვთ.
ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკჯგუფში?
ადრეული ინფორმაცია ჩინეთიდან, სადაც COVID-19 პირველად გაჩნდა, აჩვენებს, რომ კორონავირუსი ყველაზე სახიფათო 60+ წლის ადამიანებისთვისაა, და მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი.
საქართველოს ხელისუფლება 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში.
თვითიზოლაცია მჭირდება?
თვითიზოლაცია სავალდებულია მათთვის:
ვისაც არ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა და ვირუსის სხვა სიმპტომები, მაგრამ ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი;
კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან - 15 წუთით, 2 მეტრის სიახლოვეს;
იმყოფებოდა ინფექციურ დაწესებულებაში კორონავირუსზე ეჭვით და დიაგნოსტიკური კვლევით არ დაუდასტურდა ვირუსის არსებობა.
თუ მარტო არ ვცხოვრობ?
შესაძლოა ოჯახის წევრებისგან ან ოთახის მეზობლებისგან განცალკევება სრულად ვერ შეძლოთ, თუმცა მათთან კონტაქტი მინიმუმამდე შეზღუდეთ. მოერიდეთ სამზარეულოში სხვებთან ერთად ყოფნას, საჭმელი მიირთვით განცალკევებით, საკუთარ ოთახში. გაწმინდეთ ზედაპირები ყოველდღე. იზოლაციის პერიოდში იქონიეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი.
თვითიზოლაციაში მყოფებთან ერთად მცხოვრებმა პირებმა ხელები უნდა დაიბანონ ხშირად, საპნით და წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით კონტაქტის შემდეგ.
თუ სახლში მხოლოდ ერთი აბაზანა გაქვთ, თვითიზოლირებულმა ის უნდა გამოიყენოს ყველა სხვა მცხოვრების შემდეგ და ამის შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდოს ის.
პერსონალური ნაგავი (როგორიცაა ცხვირსახოცი) ჩადეთ ორ პარკში, შეკარით კარგად და შეინახეთ სხვა ნაგვისგან განცალკევებით. ნაგავი ჩვეულებრივ გადაყარეთ 72 საათის შემდეგ.
რამდენად ემუქრება ვირუსი ჩემს შვილს?
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბავშვებს COVID-19 ზრდასრულებზე მეტად არ ემუქრებათ. ბავშვები და ჩვილები ვირუსით დაინფიცირებულან, თუმცა ცნობილი შემთხვევების უდიდესი ნაწილი ზრდასრულებს ეხებათ. სიმპტომები ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთია. ჯერჯერობით არაა ცნობილი, მძიმე ავადობის მეტი რისკის ქვეშ არიან თუ არა ბავშვები სპეციალური სამედიცინო საჭიროებებით, ან ქრონიკული დაავადებებით.
თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს?
ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები, როგორებიცაა ძაღლები და კატები, კორონავირუსით ინფიცირდებიან. თუ დადასტურებულად გაქვთ COVID-19, შეზღუდეთ კონტაქტი შინაურ ცხოველებთან ისევე, როგორც ამას იზამდით ადამიანებთან.
რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ?
აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა რეკომენდებული არაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც 60 წელს გადაცილებულია. დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა არაერთი სახელმწიფო უწყება. ხელისუფლება იმავე რეკომენდაციას აძლევს კერძო სექტორსაც.
მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლა შემიძლია?
კი. დაშვებულია სურსათის, ცხოველის საკვების, ჰიგიენისა და ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების ყიდვა-გაყიდვა; ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია. თუმცა გარეთ ყოფნისას დაიცავით დისტანცია, სულ მცირე, ერთი მეტრი.
გახსოვდეთ, ვირუსი გადადის ნერწყვის შხეფებით - მაგალითად, თუ მოგახველეს, ან შეეხეთ რამეს, რასაც დაახველეს. შემდეგ შეეხეთ საკუთარ სახეს და თვალების, ცხვირისა თუ პირის მეშვეობით ვირუსი თქვენს ორგანიზმში მოხვდა. ამიტომ, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა. თუ დაბალ რისკჯგუფში ხართ, მოერიდეთ ფიზიკურ კონტაქტს.
თვითიზოლაციაში ვარ, დამსაქმებელი კი მაიძულებს სამსახურში მივიდე. რა ვქნა?
დაავადების წყაროსთან შეხებიდან 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა ვალდებულებაა. დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოგთხოვოთ კანონსაწინააღმეგო ქმედება.
მგონია, რომ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს. რა ვქნა?
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. მაგალითად, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, დასაქმებულების სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადებიით მომარაგება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს.
დამსაქმებელს შეუძლია, ძალით დამაწერინოს უხელფასო შვებულება?
უხელფასო შვებულების აღება დასაქმებულის უფლებაა და არა ვალდებულება.
არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ვაქცინა?
არ არსებობს მტკიცებულება, რომ არსებული მედიკამენტები ეფექტიანია ვირუსის პრევენციისთვის, ან მის სამკურნალოდ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს თვითმკურნალობას ნებისმიერი მედიკამენტით, მათ შორის, ანტიბიოტიკებით. ამასთან, მიმდინარეობს რამდენიმე კლინიკური კვლევა.
ჯერჯერობით COVID-19-ის არც ვაქცინა არსებობს.
რამდენ ხანს ძლებს ვირუსი ზედაპირებზე?
უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს ძლებს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ზედაპირებზე, თუმცა, როგორც ჩანს, ის სხვა კორონავირუსების ქცევებით ხასიათდება. კვლევების თანახმად, კორონავირუსი (მათ შორის, წინასწარი ინფორმაციით, COVID-19) შესაძლოა ზედაპირებზე ძლებდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ეს იცვლება გარემო პირობებიდან გამომდინარე, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა.
თუ ფიქრობთ, რომ ზედაპირი შეიძლება იყოს ინფიცირებული, გაწმინდეთ ის სადეზინფექციო საშუალებით.
ასევე, უსაფრთხოა გზავნილის მიღება კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი არეალიდან - დაბალია ალბათობა იმისა, რომ დაინფიცირებული ადამიანი კომერციულ საქონელს აბინძურებს.
პირბადე და ხელთათმანები დამიცავს?
პირბადეების ტარების მომხრეებსა და მოწინააღმდგეებს შორის დებატები ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად გამწვავდა. “თუ ჯანმრთელი ხარ, პირბადის ტარება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ COVID-19-ით დაავადებულს უვლი“ - ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია. ასეთი მიდგომა შეცდომად მიაჩნიათ ჩინეთში. პირბადეების ტარება სავალდებულო გახადა ჩეხეთის რესპუბლიკამ და სხვა ქვეყნებსაც იმავეს მოუწოდებს. ასე რომ, საჭიროა თუ არა პირბადეები? - მსოფლიო კი-სკენ იხრება.
ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას - ამ სიტყვებით საზოგადოებას პაატა იმნაძე მიმართავს და ამბობს: „რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე, ან ნიღაბს გავისწორებთ, ან ავიწევთ-ჩავიწევთ თუ უხელთათმანოს?! რა განსხვავებაა, თუ მობილურ ტელეფონს ხელთთამანიანი ხელით ავიღებთ?!“
როგორ ჩავიტარო ტესტი კორონავირუსზე?
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ყველა შეამოწმოს ახალ კორონავირუსზე. ტესტი ჩაუტარდებათ მხოლოდ სამ ჯგუფს:
- სიმპტომურ პაციენტებს - რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას;
- პაციენტებს ცხელების სიმპტომებით - რომელთაც საავადმყოფოში დატოვებენ 24 საათით;
- მაღალი რისკის ჯგუფებს - დაინფიცირებულის კონტაქტებს, სამედიცინო პერსონალს, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში, ორგანიზებულ, ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს.
თუ სიმპტომები არ გაქვთ, არც ზემოთ ჩამოთვლილ სამ ჯგუფში ხართ, მაგრამ მაინც გსურთ ტესტის ჩატარება, კორონავირუსის ტესტირების ნებართვა რამდენიმე კერძო კომპანიას აქვს. სერვისი ფასიანია და ითვალისწინებს როგორც სწრაფ, ასევე ლაბორატორიულ (PCR) ტესტირებას.
რომელია ყველაზე ბინძური ნივთები?
მობილური ტელეფონი - კვლევებმა აჩვენა, რომ მობილურ ტელეფონზე 10-ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე. სახლში მისვლისას გაწმინდეთ მობილური ტელეფონი სპირტიანი ხელსახოცით და მხოლოდ ხელების დაბანის შემდგომ გამოიყენეთ ის.
კომპიუტერის კლავიატურა და მაუსი, ტელევიზორის პულტი - გაწმინდეთ სპირტიანი ხელსახოცით. დაამუშავეთ კარის სახელური სპირტით.
ფული - ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ნაღდი ფული და საჭირო ნივთები ბარათით ან ინტერნეტის საშუალებით შეიძინოთ.
ხელის საშრობი - ერიდეთ საჯარო ტუალეტებში ხელის საშრობის გამოყენებას. უმჯობესია ხელები ხელსახოცით გაიმშრალოთ ან დაელოდოთ, რომ თავად შეგაშრეთ წყალი.
როგორ გავუმკლავდე სტრესს?
კორონავირუსის გავრცელება ზოგიერთი ადამიანისთვის სტრესული შეიძლება იყოს. ასეთ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარება მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
არ არის აუცილებელი, უყურო ყველა საინფორმაციო გამოშვებას. შეისვენე სოციალური მედიისგანაც.
მოუარე საკუთარ სხეულს. ღრმად ისუნთქე, მედიტაციით დაკავდი. ეცადე იკვებო ჯანსაღად, დაბალანსებულად, ივარჯიშე რეგულარულად, იძინე ბევრი, მოერიდე ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
აკეთე ის, რაც გსიამოვნებს.
ეკონტაქტე ადამიანებს. მოუყევი შენს შეგრძნებებზე ადამიანებს, რომელთაც ენდობი.
საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?
გადაამოწმეთ, ძალაშია თუ არა თქვენი ჯავშანი. მსოფლიოში ათასობით ფრენა გაუქმდა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა თუ მოქალაქეების მიერ მოგზაურობაზე უარის თქმის გამო. უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტილი საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. ჯანდაცვის სპეციალისტების ძირითადი რეკომენდაციაა, მოერიდოთ მოგზაურობას.
ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის?
Wizz Air-ი - რომელიც, ჩვეულებრივ, ქუთაისიდან ევროპის ათობით ქალაქში დაფრინავს - გადახდილი თანხის 120%-ს ავტომატურად დარიცხავს მომხმარებლის WIZZ ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ისინი შეძლებენ 24 თვის განმავლობაში კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად. ხოლო თუ ფულის საბარათე ანგარიშზე დაბრუნებას გადაწყვეტენ, ბილეთის ღირებულების 100 პროცენტი დაუბრუნდებათ.
საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში?
გაუქმებული ფრენების გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი ბილეთების ყიდვა მოუწევთ, სპეციალურად დანიშნულ რეისებზე. დაანონსებულია, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად კვირაში ორი ფრენა შესრულდება. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან საელჩოებს.
მინდა ფინანსური დახმარება გავწიო კორონავირუსთან ბრძოლაში. ვის მივმართო?
საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია გადარიცხოს თანხა. ცნობილია, რომ უკვე შეგროვდა 20 მილიონამდე ლარი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რაში დაიხარჯება შემოწირულობები.