კლუბი BASSIANI დროებით აუქმებს დაგეგმილ ღონისძიებებს მსოფლიოში კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის გამო.
“ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მათ შორის სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საკლუბო ღამეებს გარკვეული დროით ვაუქმებთ. დამატებით ინფორმაციას სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოგაწვდით”, - აცხადებს “ბასიანი”.
“ბასიანი” საკუთარ სტუმრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, საჯარო სივრცეებში ყოფნისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.
“ვწუხვართ, რომ გვიწევს ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეების დროებით შეზღუდვა, მაგრამ გვახსოვდეს - ჩვენ მაინც ვცეკვავთ ერთად, იზოლაციაშიც”, - აცხადებს “ბასიანი”.
BASSIANI-ს გარდა, ახალი კორონავირუსის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო დროებით დაიხურა კლუბები KHIDI და MTKVARZE.
ახალი სახეობის კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.