Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე იქნება


„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, უკვე ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსის,(COVID-19), გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე იქნება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ ზიანის შემცირებისთვის პრევენციული ღონისძიებები გაატაროს დაუყოვნებლივ მანამ, სანამ „ჯერ კიდევ შეიძლება სიტუაციის კონტროლი".

„ჩვენი ხედვა „ევროპული საქართველოსი“ გახლავთ ის, რომ პირველ რიგში შემცირდეს გადასახადები და ამ გზით დავეხმაროთ ბიზნესს გადარჩეს და გადაარჩინოს სამუშაო ადგილები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ასევე ეროვნული ბანკის „მავნებლური რეგულაციები“ და გატარდეს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის პირობებში საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და ელოდება „როდის დაგვარტყამს კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი“.

ახალი კორონავირუსის ანტიკრიზისული ეკონომიკური ზომების პაკეტი „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. გეგმა გულისხმობს, საშემოდგომო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირებას, ქონების გადასახადის განახევრებას და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირებას.

დღეს, 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავდება ბიზნესის სტიმულირების ერთიანი კომპლექსური გეგმა. ამის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა დავალება პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა 12 მარტიდან მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში გადავიდა.ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 24 ადამიანია დაინფიცირებული.

XS
SM
MD
LG