Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კორონავირუსის გამო, თბილისის მერია სერვისების ნაწილის მიწოდებას ზღუდავს


ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის მერიის სერვისების ნაწილის მიწოდება იზღუდება. ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეეხება იმ ტიპის მომსახურებებს, რომელიც ხალხმრავლობასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 13 მარტიდან იზღუდება მიწის ლეგალიზაციის საკითხზე განცხადებების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება იმ კომისიებისა და საბჭოების სხდომები, რომლებსაც მოქალაქეებიც ესწრებიან ხოლმე. კახა კალაძის თანახმად, ესენია:

“თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება - ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის-ცენტრში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის ყველა ორგანო 12 მარტიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა.

მისი თქმით, 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს ეხებათ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მერიის სერვისების მიწოდების შეზღუდვის შესახებ განცხადება მთავრობის გადაწყვეტილებიდან ცოტა ხანში გააკეთა.

12 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG