საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე გაირკვა, ეს ადამიანი მანამდე თვითიზოლაციაში იყო.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ე.წ. კონტაქტების მოძიების სამუშაოები მიმდინარეობს და იდენტიფიცირებულია, დაახლოებით 20 ადამიანი, რომელთანაც მას შეხება ჰქონდა. მათ შორის 15-თან ერთად კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა თვითმფრინავით იმგზავრა.
"შემთხვევები. ალბათ, გვექნება, მაგრამ გვინდა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი. ეს დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ბრუნდებიან სხვადასხვა საერთაშორისო მოგზაურობიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან. მომეტებულ რისკს ჩვენთვის წარმოადგენს იტალიიდან მგზავრობა", - დასძინა გამყრელიძემ.
ამ დრომდე დადასტურებული მხოლოდ სამი შემთხვევა იყო. სამივე ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, საქართველოს ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში.