საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის, პირველ ეტაპზე, მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის 30 იანვრის განკარგულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხა ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო.
ამ თანხიდან 357 095 ლარი შემოსავლების სამსახურს გამოეყო და სახმელეთო საზღვრებზე კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მოწყობილობებს მოხმარდება, 135 367 ლარი კი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას.
2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია, (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს) მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.
საქართველოში კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.