Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო", პარლამენტში ინიცირების შემთხვევაში, 130/20-ზე მოდელს დაუჭერდა მხარს


„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ პოლიტპატიმრების საკითხზე ხელისუფლება უკან არ დაიხევს, საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება, თუმცა პარლამენტში არსებითად პროპორციული სისტემის კანონპროექტის დაყენების შემთხვევაში, პარტია მას მხარს დაუჭერს.

„ორი კომპონენტია ურთიერთდაკავშირებული - პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის, მაგალითად, 130/20-ზე.

თუ ეს ორივე კომპონენტი არ მოხდა, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება, ნორმალიზაცია ვერ შედგება, მაგრამ პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა ხო, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან არ ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში, რომ ვთქვათ, რომ რახან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთ-თქო“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების მორიგი კონსულტაციების დაწყების წინ.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისმა კოლეგამ, სერგი კაპანაძემ დააზუსტა, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, არანაირი პოლიტიკური ნორმალიზაცია ბუნებრივი არ იქნება, 130/20-ზე კი „ევროპული საქართველო“ მხოლოდ თეორიულად საუბრობს:

„არანაირი 130/20-ზე, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული არ არის და ამაზე მათ პოზიცია დააფიქსირეს ხისტად. რაც შეეხება სხვა შემოთავაზებებს, რაც გუშინ ბრიფინგზე დააფიქსირეს - ეს შემოთავაზება არანაირ კავშირში არ არის ეფექტურ პროპორციულობასთან. ანუ იქ არ არის საუბარი არც იმაზე, რომ პროპორციულის მსგავსი შედეგი დადგება, ასევე არ არის საუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. ამიტომ, შესაბამისად, მათ წინადადებას ჩვენ სერიოზულად ვერ და არ განვიხილავთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თანახმად, პარტიას, რომელიც ჩაშლის მოლაპარაკებებს, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს.

„40%-ის პრინციპი დაკმაყოფილებულია და უცნაური იქნება, თუ დღეს ოპოზიცია ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ 2 მარტს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით „ლეიბორისტულ პარტიაში“ გაკეთდა განცხადება მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით არაოფიციალურ შეხვედრებზე გრძელდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით გამართვის წინადადების უარყოფის შემდეგ, ხელისუფლებამ ოპოზიციას თავისი ვარიანტი შესთავაზა, რაც 100/50-ზე პროპორციას გულისხმობდა. ოპოზიციისთვის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, არაოფიციალურად, მმართველი პარტიის ახალი შეთავაზება 110/40-ზე პრინციპს ეფუძნება. წერილობითი სახით შეთავაზების პროექტი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG