საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მცირე ნაწილი აკლია. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შედეგი რამდენიმე დღეში იქნება მიღწეული.
„უკვე სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია ამ შეთანხმების მიღწევას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც მაღალ მთაზე ადის ჯგუფი და სამწუხარო იქნება, რომ როცა რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვეღარ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში შედეგს მივაღწევთ და ყველა მონაწილე მხარე გავიხარებთ...“, - განაცხადა ელჩმა.