თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, „2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.
მიხეილ კალანდია, რომელსაც "ხორავას ქუჩის საქმეზე" თავდაპირველად პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად.
2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.
არასრულწლოვნების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.
3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.
პროკურატურა ითხოვდა, რომ გუგა ბარბაქაძე დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.
გიორგი ჯანაშიას შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. ჯანაშიას მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა და 3 თვით.
მანამდე საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის პროცესში, გიორგი ჯანაშიას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. გიორგი ჯანაშიას ორი წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.
რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 11 წლით და 3 თვით პატიმრობა უცვლელად დატოვა.