Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პირობების გაუარესებას აპროტესტებენ


ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულელ მეშახტეებს 2019 წლის ოქტომბერში შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულელ მეშახტეებს 2019 წლის ოქტომბერში შეხვდა

ტყიბულში გაფიცულია ძიძიგურის სახელობის შახტის 200-მდე თანამშრომელი. ერთ-ერთმა მათგანმა, ირაკლი ჩიხლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა და პირობების გაუმჯობესებას დაპირდა, დასაქმებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

გაფიცულების პრეტენზიები მიმართულია უკრაინელი ინვესტორის წინააღმდეგ, რომელმაც ადმინისტრირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მეშახტეები ინვესტორის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და ვითარების გარკვევას პროფკავშირების მეშვეობით ცდილობენ.

„ექვს მილიონზე იყო, თუ არ ვცდები, საუბარი. ექვსი ლარიც არ აქვთ ჩადებული. ჩვენ სამუშაო ადგილამდე გვაქვს მისასვლელად სამი კილომეტრი. სამიც იქიდან. არა ელმავალი, ტალახში, წყალში დადის ხალხი და იმის გაკეთებც არ უნდათ. ერთი კვირა ვიარეთ და რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი ექვსი კილომეტრის ფეხით სიარულს?!“ - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ. მეშახტის ინფორმაციით, ადმინისტრაცია დაზიანებული ელმავლის შეკეთებაზე უარს ამბობს.

ჩიხლაძის თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ ადმინისტრაციამ ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომელთა გადაყვანა გადაწყვიტა მინდელის სახელობის შახტში იმ მიზეზით, რომ შესაცვლელია ბაგირი, რომლითაც მიწის ქვეშ, სამას მეტრზე ჩადიან. ირაკლი ჩიხლაძის ინფორმაციით, ეს ბაგირი ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა შეეცვალათ: „და სადაც მივყავართ, ის ბაგირი ამ ბაგირზე უფრო ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს მიზეზად მოიდეს. უნდათ ამის საერთოდ დაშლა, როგორც მე ვხვდები“.

ჩიხლაძის თქმით, მეშახტეები თავის სამუშაო ადგილზე დარჩენას და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ საპროტესტო აქციას სხვა მეშახტეებიც შეუერთდებიან.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნეს-ჯგუფს Steel International Trade Company-ს.

ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.

XS
SM
MD
LG