Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის “გრუ”-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას


გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს “გრუ”-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“.

„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ “გრუ”-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:

„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ, ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.

„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოაშკარავებას, ვინც ახორციელებს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას “გრუ”-ს დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

XS
SM
MD
LG