საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“, "ლეიბორისტული პარტიის", „ევროპული საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და მხარდამჭერების აქცია, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატი წარწერით: „არა ივანიშვილის მარიონეტს.“ ისინი საყვირებით ხვდებიან ავტომანქანებს, რომლებიც პარლამენტის ეზოში შედიან.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურატურის ხელმძღვანელად აბრუნებს ადამიანს, რომელიც თანამდებობიდან გადადგა საზოგადოების, მათ შორის თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების აღშფოთების შედეგად. „დღეს ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, ფეხებზე მკიდიხართ, რასაც მინდა იმას ვიზამ", - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან პოლიციელები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ. ჭიჭინაძის ქუჩაზე შეხლა-შემოხლა იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. „ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დაპირისპირება „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ“ და მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 11 საათზე დანიშნულ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს, როდის ეყრება პლენარულ სხდომაზე კენჭი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.
ბიუროს სხდომას დასკვნას წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან. ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორობისთვის სჭირდება სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მის კანდიდატურას ემხრობიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარსადგენად 7 თებერვალს, 15 პრეტენდენტიდან შეარჩია საპროკურორო საბჭომ.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.