თბილისის მერიის ცნობით, შეთანხმების თანახმად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ", პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა 4 300 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები. ამასთან, „სითი პარკმა" უარი განაცხადა დავაზე.
მერიის შეფასებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეულია ოპტიმალური შეთანხმება. როგორც მერია აცხადებს, მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.
თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც, ადვილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში.
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.
„2018 წლის 10 აპრილიდან „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.