პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკეს სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომისა და ევროპარლამენტთან გამართული შეხვედრების შესახებ მიუნხენის აეროპორტიდან.
როგორც კალაძემ „ფეისბუკ“-Live-ში თქვა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე კითხვები შეეხებოდა საარჩევნო სისტემასა და გიგი უგულავას დაკავებას. „გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა ძალიან მაგრად და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაჟღერება. ჩვენ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპარლამენტარებს უგულავას დაკავების შესახებ, რომ საქმე ეხებოდა რეალურად 50 მილიონის ქურდობას, რისი დამამტკიცებელი მასალები, ვიდეო- და სხვა მტკიცებულებები არსებობს. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ შეიქმნას სპეციალური მისია, ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც ექნება, რომელსაც ექნება საშუალება ჩამოვიდეს საქართველოში და უგულავას საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს“, - თქვა კალაძე.
ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ასოცირების კომიტეტის სხდომის შესახებ.
„არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, როგორც სჩვევიათ, სიცრუით იყო გაჯერებული. მათი დამსახურებით და ევროპარლამენტარების თანადგომით, ეს ცვლილებები მთლიანად ჩავარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება დეკლარაციას, კობახიძის თქმით, ის არ დამტკიცდა, რასაც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.
„ეს დეკლარაცია არის დოკუმენტი, სადაც აისახება ის პროგრესი, რასაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ეს დოკუმენტი ჩვენს ევროპარლამენტარ მეგობრებთან თანამშრომლობით მზადდება. საბოლოო ჯამში, ეს დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით,“ - თქვა კობახიძემ.
იმის გამო, რომ ტექსტში კრიტიკის შემცველი შეფასებები არ შესულიყო, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დაბლოკა ყველა ცვლილება და შედეგად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ვერ დამტკიცდა დასკვნითი დოკუმენტი - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ოთარ კახიძემ სტრასბურგიდან გავრცელებულ თავის ვიდეომიმართვაში.