Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: უგულავას საქმე საერთაშორისო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს კომპეტენტური დასკვნის შემდეგ


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულებას და განაჩენს უამრავი სპეკულაცია და გაუგებრობა მოჰყვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა სტრასბურგში გამართეს კონსულტაციები ევროპელ კოლეგებთან და გადაწყდა, რომ ევროპარლამენტართა შემადგენლობით შეიქმნება ფაქტების დამდგენი მრავალპარტიული მისია, რომელიც საქართველოში ჩამოვა, საკითხს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს და გააკეთებს შესაბამის დასკვნებს იმაზე, თუ რა მოხდა. ​

„ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი შეფასებით, მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დამატებით შეკითხვებს იწვევს, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად, უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე: „ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, რაც გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში, ასევე საზოგადოებაში“.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს განაცხადა, ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. ამ მოვლენებს მოჰყვა შეშფოთების და კრიტიკის შემცველი არაერთი განცხადება, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

XS
SM
MD
LG