Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა რუსეთის მოქალაქეს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ DW იუწყება.

რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც მანამდე ეჭვმიტანილის სტატუსი ჰქონდა, ბრალად ედება იარაღის ფლობის შესახებ გერმანიის კანონმდებლობის დარღვევაც. ბრალდებული ხელახალი დაკითხვის მიზნით ბერლინის იზოლატორიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს კარლსრუეს ფედერალურ სასამართლოში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

დეკემბრის დასაწყისში, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად იძიებდა ბერლინის პროკურატურა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. საპასუხოდ, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

XS
SM
MD
LG