Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტო" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადადის. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ამ ცვლილების მთავარი მიზეზი და მიზანი არის მზადება ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე მთავრობამ დღეს, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე იმსჯელა:

„მოგეხსნებათ, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად სწორედ ეკონომიკის სამინისტრო გახლდათ ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და საკმაოდ დიდი ინტერესი იყო ამ ტენდერის მიმართ.

შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ხელახლა ტენდერისთვის მომზადება ისევ დავიწყოთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ერთვება ეკონომიკის სამინისტრო. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ ისე, რომ ეს პირობები იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ გარკვეულ ინვენტარიზაციას ხელშეკრულების“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ამა თუ იმ ფაქტორების გამო საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე. მინისტრის ამბობს, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

XS
SM
MD
LG