Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, იგეგმება უჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის დროებითი აკრძალვა. მისივე თქმით, განხორციელდება ასევე უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია:

„ფრენები აიკრძალება, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღეს, დღის მეორე ნახევარში, ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ჩართულია ახალი სახეობის კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში:

„ამ დროისათვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას თანახმად, ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების რეგიონში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება გახდება საჭირო:

„ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისები, რომლებიც 25 და 27 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, არ შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, რეისები ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ამის მიზეზი საახალწლო ღონისძიებები გახდა.

ჩინეთში 106-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი. ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ქვეყნის დედაქალაქ პეკინშიც.

28 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 4515 ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 106 გარდაცვლილიდან 100 ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანის მცხოვრები იყო. დეკემბრის ბოლოს, სწორედ ამ ქალაქიდან გავრცელდა მანამდე უცნობი ვირუსი. უჰანის 11 მილიონზე მეტი მცხოვრები კარანტინის ქვეშ იმყოფება. განსაკუთრებული ზომებია მიღებული ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.

XS
SM
MD
LG