სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.
20 იანვრით დათარიღებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.
2 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე უარი მიიღო, ანდრია სარიამ შემდეგი რამ განაცხადა: „საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“.
2019 წლის დეკემბერში ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმი გააცნეს.
9 იანვარს მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა.