Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში იმყოფება


სალომე ზურაბიშვილი და ხემი პერესი მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში. იერუსალიმი, 2020 წლის 21 იანვარი
სალომე ზურაბიშვილი და ხემი პერესი მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრში. იერუსალიმი, 2020 წლის 21 იანვარი

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ისრაელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰოლოკოსტის მეხუთე საერთაშორისო ფორუმში. სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს და ფორუმის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

დღეს, 21 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში დაათვალიერა შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები გააცნეს. საქართველოს პრეზიდენტს მეგზურობას უწევდა ისრაელის გარდაცვლილი პრეზიდენტის, შიმონ პერესის ვაჟი, ცენტრის ხელმძღვანელი ხემი პერესი.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ხემი პერესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველ შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის საქმიანობასა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მშვიდობის მშენებლობაზე.

ისრაელში სამუშაო ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმსა და თელავივში გამართავს შეხვედრებს ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ისრაელის პოლიტიკაში, ბიზნესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებულ ქალებთან, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილე მესამესთან და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრსა და იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში გახსნის საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრები“, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, სალომე ზურაბიშვილს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი ქართველი ხალხის თანადგომისა და მეგობრობისთვის გადასცემს „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლეს ჯილდოს.

XS
SM
MD
LG