29 დეკემბერს, პატიმრების გაცვლის შედეგად უკრაინას გადასცეს 76 მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ფედერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში ჰყავდათ დაპატიმრებული. მათ შორის იყვნენ 71 წლის ზინაიდა მალცევა, ჟურნალისტი და ბლოგერი სტანისლავ ასეევი და სანიტარი გალინა ტერეშჩენკო, რომელთაც სეპარატისტები ჯაშუშობაში სდებდნენ ბრალს.
გალინა ტერეშჩენკო 67 წლისაა. მან პატიმრობაში ორი წელი და 4 თვე დაჰყო. რომ არა პატიმრების გაცვლა, კიდევ 12 წელი მოუწევდა ციხეში ყოფნა.
გალინა დონეცკში ცხოვრობდა და სამედიცინო დაწესებულებაში დეზინფექტორად მუშაობდა. 2014 წელს, სამხედრო დაპირისპირების დაწყების კი კიევს გადასცემდა ინფორმაციას მისი სამსახურის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტის შესახებ - ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა, იწერდა ავტომანქანების ნომრებს...
გალინა ტერეშჩენო: მინდოდა, რამით მაინც დავხმარებოდი. ვხედავდი, რა ხდებოდა დონეცკში და ვფიქრობდი - ამ ყველაფერს უნდა დავაკვირდე და სხვებს მოვუყვე. როგორ დაჰქრიან ჩემს გარშემო ძვირიანი მანქანებით ჯავშანჟილეტიანი სამხედროები და შემდეგ რაღაც ფეთდება... ამ ალიაქოთს ჩემი თვალით ვუყურებდი - ეს უწმინდური ომი პირდაპირ შემეხო. სამხედრო ტრიბუნალმა გამასამართლეს. მითხრეს, მადლობა თქვი, რომ ადგილზე არ დაგხვრიტესო.
გალინა ყვება, როგორ ჩამოდიოდნენ მის ქალაქში რუსი სამხედროები, რომლებიც ცოტა ხანში ახლომახლო ქალაქებში - გორლოვკაში, მაკეევკაში ეწერებოდნენ დაშემდეგ თავს დონეცკელებად ასაღებდნენ.
გალინა ტერეშჩენკო: ბურიატიიდან ჩამოდიოდნენ. ერთხელ, კაფეში სპეციალურად გამოველაპარაკე ერთს და მითხრა, ნიჟნიე ტაგილიდან ვარო. ფულს დაპირდნენ და ისინიც ძარცვისა და სროლისთვის ჩამოვიდნენ. თავი სამხედროებად მიაჩნდათ. ხშირად კითხულობდნენ - ლომბარდები სად არისო. ოქროს აბარებდნენ. მე ხომ ვიცი - სამხედრო რომ ოქროს აბარებს, ის თავისი კი არა, ნაძარცვია. მერე, ნელ-ნელა ცდილობდნენ თავი დონეცკელებად გაესაღებინათ. თუმცა, გამოთქმით ხომ ვხვდებოდი, რომ რუსეთიდან იყვნენ ჩამოსულები.
გალინა უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავდა. ერთხელ სამსახურში სეპარატისტებს პირდაპირ უთხრა: „კრემლის კლოუნმა თქვენს შვილებს ავტომატები დაურიგაო“. პუტინს გულისხმობდა. ფიქრობდა, ასაკის მაქვს ისეთი, შემიძლია უფრო პირდაპირ ვილაპარაკოო. თუმცა, საბოლოოდ, როგორც ჩანს, სწორედ თანამშრომლებმა დააბეზღეს. სამსახურის წინ იდგა, როდესაც აიყვანეს. ერთწლიანი გამოძიების შემდეგ კი ჯაშუშობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გასაჩივრების უფლების გარეშე.
ჯაშუშობა დააბრალეს სტანისლავ ასეევსაც. სტანისლავი რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. დონეცკის ცენტრში იდგა და სიუჟეტს აკეთებდა, როდესაც პატრულმა გააჩერა - უბრალოდ, დოკუმენტებს ვამოწმებთო. ცოტა ხანში კი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები მოვარდნენ, ხელები გადაუგრიხეს და მანქანაში ჩატენეს.
„ჯაშუშობის“ გარდა კიდევ 6 მუხლი მიუყენეს.
სტანისლავ ასეევი: „ჯაშუშობას“ საერთოდ ყურადღებას არც მივაქცევ, დანარჩენი კი სულ ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, მედავვებოდნენ, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ ბრჭალებში მეწერა. ექსპერტმა დაასკვნა, რომ ამით მე უარვყოფდი „რესპუბლიკის“ სუვერენიტეტს, სხვებსაც საჯაროდ ამისკენ მოვუწოდებდი და ექსტრემისტი ვიყავი.
სტანისლავმა ყველა ბრალდებას ხელი მოაწერა.
სტანისლავ ასეევი: მე, როგორც ამიხსნეს, ყველაზე მარტივი ფორმით მაწამებდნენ. უბრალოდ თითებზე მავთული მიმიერთეს და დენს მირტყამდნენ. ყურებზეც მახტებოდნენ. სხვებს გაცილებით უარესად ექცეოდნენ - მავთულებს გენიტალიებზე ან უკანალში უმაგრებდნენ... წამების ერთ ფორმას „სტერეო ერქვა“ - ამ დროს ორს კი არა, ოთხ მავთულს გიმაგრებენ - თითებზე და საფეთქლებზე და გარედან სველ ტილოს ახვევენ. სულ სხვა შეგრძნება ყოფილა. ისე, ფიზიკურ ზემოქმედებაზე მეტად შეიძლება ფსიქოლოგიურმაც იმოქმედა. საბოლოოდ, ცხადია, რასაც მთხოვდნენ ყველაფერს ხელი მოვაწერე. სასამართლო ერთ დღეში ჩატარდა. ორი განაჩენი მაქვს - 15-15 წლით პატიმრობა. ვეკითხებოდი, ეს რას ნიშნავს, რომ 15 წელი უნდა ვიჯდე თუ 30 მეთქი და ვერ მპასუხობდნენ.
ზინაიდა მალცევა არ უწამებიათ. თავად ამბობს, ხელი რომ დაერტყათ ცოცხალი ვერც გადავრჩებოდიო. 71 წლისაა. ბავშვობიდან ავადმყოფობს.
ზინაიდა მალცევა: მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ყოველთვის ყველაფერი მტკივა. ახლა კიევში, საავადმყოფოში ვარ და ექიმები მეუბნებიან: „არც კი ვიცით, იმ ციხის პირობების მერე ცოცხალი როგორ ხარო“.
ჯერ მისი შვილი დააკავეს. ტელეფონში ფოტოები უპოვნეს, რაც, სეპარატისტების მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირს ადასტურებდა. მთელი ქონება ჩამოართვეს - ორი ბინა დონეცკში და პირადი ნივთები. 8 თვის შემდეგ კი ზინაიდაც დააპატიმრეს და „ჯაშუშობისთვის“ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
შვილი დღემდე დონეცკშია. სეპარატისტები არ აღიარებენ, რომ ციხეში ყავთ და ამიტომ გასაცვლელთა სიაში მისი სახელი არ შეაქვთ.