თამთა მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე
„გამოკითხვის ოქმების შეფასებამ აჩვენა, რომ გამოძიება უფრო მეტად ფორმალური და ილუზორულია... სპეცრაზმელების მიმართ არ არის დასმული ძალიან მნიშვნელოვანი დამაზუსტებელი კითხვები“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელი, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თამთა მიქელაძე. მისი თქმით, „კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელი და უსაფუძვლო გახდა“ ვერსია იმის შესახებ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით EMC-ის პროკურატურამ 10 იანვარს ის საიდუმლო მასალები მიაწოდა, რომელზეც ორგანიზაციას უარს ორი წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ. ორგანიზაცია ამ ფაქტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში დაწყებულ განხილვას უკავშირებს.