Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 შეწყალებული - ვინ რისთვის იყო მსჯავრდებული?


ქურდობა, თაღლითობა და საზღვრის უკანონო კვეთა - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები შეიწყალა 2020 წლის 6 იანვარს.

საშობაოდ სამი კაცი და ორი ქალი შეიწყალეს.

როგორც რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 2020 წლის 6 იანვარს შეწყალებულთაგან 3 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან. ხოლო 2 პირობით მსჯავრდებული - გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

შეწყალებული 2 ქალიდან ერთი - გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორე - პირობითი მსჯავრის მოხდისგან.

ისინი მსჯავრდებულები იყვნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულებისთვის:

2 პირი მსჯავრდებული იყო 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულით, რაც გულისხმობს ქურდობას,

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

ეს დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ასევე: იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ,

ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

1 პირი მსჯავრდებული იყო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს თაღლითობას:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) არაერთგზის.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

რაც შეეხება პირობით მსჯავრდებულებს:

1 პირი გასამართლებული იყო 19-177 მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს

ქურდობის მცდელობას:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) ბინაში უკანონო შეღწევით;

დ) სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ,

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

და კიდევ ერთი პირი მსჯავრდებული იყო 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე საგანგებო ბრიფინგი 6 იანვარს გამართა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ შეწყალების ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორებიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება - უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი, პირიქით, შერბილებული:

„ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა“, - განმარტა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.

საშობაო შეწყალებას წინ უსწრებდა სალომე ზურაბიშვილის მიერვე გამოცხადებული მორატორიუმი შეწყალებაზე - ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მისი წინა შეწყალების აქტები საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რადგან, როგორც გაირკვა, ზურაბიშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები შეიწყალა.

მაშინ ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უნდა შეცვლილიყო შეწყალების წესი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის ნოემბერში. ახალ წესში აღარსად მოიხსენიება შეწყალების კომისია - შეწყალების საქმეებს განსახილველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური მოამზადებს.

საქართველოს პრეზიდენტმა არც ამჯერად შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის შეწყალების მოთხოვნით მას ცოტა ხნის წინ მიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდმა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG