Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოში მხარეთა შორის მორიგება არ შედგა


„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ევროსასამართლოსგან, 8 იანვარს მიღებული წერილის თანახმად აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო.

„რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლოს მიერ, მხარეებისთვის მიცემული 12-კვირიანი ვადა, მეგობრული მორიგების შესაძლებლობის განსახილველად ამოიწურა და მხარეებმა მორიგებაზე უარი განაცხადეს“,- ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ევროპული სასამართლო განიხილვას საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა.

დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგ მუხლებს:

  • მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
  • მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
  • მე-13 მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში იცავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG