„პირველი არხის“ ცნობით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, შავ სიაში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეებში ფიგურირებენ.
„ეს შეეხება, ძირითადად, საშუალო და ქვედა რგოლებს, შემსრულებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და პოლიციელებს, ამ სამი კატეგორიის ადამიანები იქნებიან სიაში. შემდგომ ეს სია გადაეცემათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ მათ მიიღონ კონკრეტული სანქციები, იქნება ეს ფინანსური, თუ გადაადგილების შეზღუდვა," - თქვა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
როგორც „პირველი არხი" იტყობინება, კომისიის წევრებმა ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).
ოპოზიცია უახლოეს დღეებში სიის ათეულს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ის დიპლომატებთან გაიგზავნება.